Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი: 2018 წელს უცხო ქვეყნები საქართველოში „ჰიბრიდული ომის“ მეთოდებს იყენებდნენ


2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა სხვადასხვა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები. - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, „2018 წელს საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებდნენ „ჰიბრიდული ომის“ მეთოდებს.

უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტივობების განხორციელებისას მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას; მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას; საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან; საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვას; ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებას; მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობას; საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის დანერგვას.

„ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედია-საშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება.

საანგარიშო პერიოდში „ჰიბრიდული ომის“ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა დეზინფორმაციული კამპანია. ყალბი ახალი ამბებით, ფაქტების დამახინჯებითა და ისტორიის გაყალბებით მიზანმიმართულად ხდებოდა მოსახლეობის პოლარიზაცია, მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება, საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენა.“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნები და მათი სპეცსამსახურები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სულ უფრო აქტიურად იყენებენ კიბერსაშუალებებს. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკს ასევე წარმოადგენს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისა და მათ მიერ კონტროლირებადი ჰაკერული ჯგუფების მიერ სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიბერშეტევებისა და კიბერსადაზვერვო ოპერაციების განხორციელება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიში პარლამენტს გადაეგზავნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG