აშშ-ის სამხედრო სარდლობა აფრიკაში აცხადებს, რომ დროებით გაიყვანს სამხედრო მოსამსახურეებს ლიბიიდან. კვირას გაკეთებული ამ განცხადების ფონია, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის აეროპორტის ხელში ჩასაგდებად მიმდინარე ბრძოლებისათვის, რასაც ახორციელებს ლიბიის ყოფილი ლიდერის, მოამარ კადაფის მომხრე გენერალი, ხალიფა ხაფთარი.
მისი ბრძანებით „ლიბიის ეროვნულმა არმიამ“ ხუთშაბათს დაიწყო იერიში დედაქალაქ ტრიპოლზე, რასაც საერთაშორისო საზოგადოების დიდი შეშფოთება მოჰყვა.
გაეროს უშიშროების საბჭო ლიბიის არმიის მეთაურს, ხალიფა ხაფთარს მოუწოდებს შეაჩეროს თავისი არმიის წინსვლა ტრიპოლისკენ, რომელსაც გაეროს მიერ მხარდაჭერილი მთავრობა აკონტროლებს.
ამერიკული სარდლობის ოფიციალური განცხადების თანახმად, ლიბიიდან გაიყვანენ სამხედრო პერსონალი, რომელიც იქ იცავს დიპლომატიურ მისიას, ებრძვის ტერორიზმს და მხარს უჭერს რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებას.
აფრიკაში ამერიკული ძალების სარდალმა გენერალმა ვოლდხაუზერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილია რთული და არაპროგნოზირებადი ვითარება.