„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პატრიოტიზმით სავსე სიღრმისეულ ანალიზად შეაფასა პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი 1989 წლის 9 აპრილის და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ.
„9 აპრილი არის ფუნდამენტი და წინაპირობა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლო და თუ რა შეუძლია სამშობლოს სიყვარულით გაერთიანებულ ერს. ვფიქრობ, ეს გზავნილი არის ძალიან მკაფიოდ მოცემული ამ წერილში“ - უთხრა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ პოლიტიკური წარსულის მიუხედავად მოქალაქეები სახელმწიფოს წინსვლისთვის უნდა გაერთიანდნენ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, ბუნებრივია, პოლიტიკური ნიშნით დაყოფა ვერასდროს დასრულდება, რადგან ეს დემოკრატიის მთავარი ნიშანია.
„ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი გულისხმობს, არის ხელოვნური დაპირისპირება მხოლოდ იმისათვის, რომ რაღაც პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვო“ - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ივანიშვილის წერილი უახლოესი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდის შეფასებაა და პოლიტიკურ ოპონენტებს შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ემოციაზე დაყრდნობით ბევრი გადაწყვეტილება იყო მიღებული და პოლიტიკურ ბრძოლას მნიშვნელოვანწილად შეეწირა ეროვნული ინტერესები, მაშინ როცა გაერთიანება იყო საჭირო.
ამასთან, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ როგორი მოწოდებებიც არ უნდა გაკეთდეს მმართველი პარტიის მხრიდან, რევანშიზმის მქადაგებელი „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ძალად დარჩება.