Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა „ომეგას“ საქმეზე სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


საქართველოს მთავრობა გაასაჩივრებს სტოკჰოლმის არბიტრაჟის მიერ ზაზა ოქუაშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას და არც დაკისრებულ ხარჯებს გადაიხდის, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო არბიტრმა ამ ნაწილში ოქუაშვილის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ საგანგებო არბიტრმა, ასევე, არ დააკმაყოფილა ზაზა ოქუაშვილის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან მომჩივნის კუთვნილ 11 კომპანიაზე რაიმე სახით საკუთრების შეზღუდვას ან მის რეალიზაციის აკრძალვას.

„საგანგებო არბიტრმა მიიჩნია, რომ ზაზა ოქუაშვილმა ვერ დაამტკიცა, რომ ქართული მხარე ახორციელებს ან აპირებს რაიმე ზომების მიღებას მოსარჩელის კომპანიების და ქონების მიმართ და, შესაბამისად, საფრთხე, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებდა, იყო ჰიპოთეტური“, - წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გაუგებარია, რა მიზანს ისახავს საგანგებო არბიტრის აკრძალვა, არ განხორციელდეს მომჩივნისა და მისი კუთვნილი კომპანია - შპს „ოჯთ“-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული აღსრულების ღონისძიებები, რადგან 2018 წლის 4 ოქტომბრიდან დღემდე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ისინი ისედაც არ განხორციელებულა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საგანგებო არბიტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ზაზა ოქუაშვილის ბრიტანელმა ადვოკატმა იუსტიციის სამინისტროს წაუყენა ულტიმატუმი, მოითხოვა შეხვედრის ორგანიზება 24 საათის განმავლობაში და მოლაპარაკებების წარმოება დავის მორიგებით გადაწყვეტის მიზნით.

„იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც ამ საქმეზე წარმოადგენს საქართველოს მთავრობას, უარი განაცხადა ამგვარ ულტიმატუმზე და შეახსენა ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს, რომ ბატონი ზაზა ოქუაშვილი საქართველოს მოქალაქეა, ის არის გადასახადების გადამხდელი, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე და ბიზნესმენი, ხოლო გადასახადების გადამხდელისათვის შეუსაბამო ქცევაა მთავრობისთვის 24-საათიანი ულტიმატუმების წაყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის გამოტანაც მოხდა არაგონივრულად მოკლე ვადებში მოსარჩელის მიერ შესაბამისი პროცედურების ბოროტად გამოყენებისა და სამართლიანი პროცესის პრინციპების დარღვევით“, - წერს იუსტიციის სამინისტრო.

8 აპრილს „ომეგა ჯგუფმა“ გაავრცელა ახალი ამბავი, რომ სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ შეაჩერა ქართული სასამართლოს მიერ მიღებული, ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აუქციონზე გაიყიდებოდა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი „ოჯთ“-ის (Omega Group Tobacco) მთელი ქონება.

„ომეგას“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს გამოძალვასა და ზეწოლაში, რომლის ერთ-ერთი სამიზნე, ოქუაშვილის თქმით, ჯგუფში შემავალი ტელეკომპანია „იბერიაა.“ თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი მსგავსი ცრუ ბრლადებებით ცდილობს თავი აარიდოს ბუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების გადახდას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG