Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ითხოვს მუსლიმთა სამმართველო რეპრესირებულთა სამარხებთან დაკავშირებით


სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ხელისუფლებას 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხში აღმოჩენილ ნეშტებზე დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ან მათ ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაკრძალვას ითხოვს.

სრულიად საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე ამბობს, რომ თუ დნმ-ის ჩატარება გართულდება, მაშინ ნეშტები სამოქალაქო წესით უნდა გაასვენონ და სასაფლაოზე არცერთი რელიგიის სიმბოლოები არ უნდა განთავსდეს.

„იქ არის ზოგის ხელი, ზოგის - ფეხი, სხეულის ნაწილები ცალ-ცალკე და თუ გართულდება დნმ-ის ჩატარება, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რომ ამ ადამიანების დაკრძალვა მოხდეს სასაფლაოზე, რომელიც არ უნდა ეკუთვნოდეს არცერთ რელიგიურ მიმდინარეობას“, - ამბობს ბეგლარ ქამაშიძე.

მუსლიმთა სამმართველო მზად არის, რომ, შესაძლებლობის ფარგლებში, თავადაც გაიღოს დნმ-ის ჩატარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი.

ბეგლარ ქამაშიძე არ ეთანხმება ნეშტების 21 აპრილს დაკრძალვის გეგმას, რადგან ეს თარიღი ქრისტიანულ დღესასწაულს, ბზობას, ემთხვევა. სრულიად საქართველოს მუფთი ფიქრობს, რომ აღმოჩენილ სამარხებში ნეშტების უმრავლესობა სწორედ მუსლიმებს ეკუთვნით.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გამოაქვეყნა 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილ პირთა დაახლოებით 600-კაციანი სია, რომელიც უშიშროების სამინისტროს საიდუმლო არქივიდანაა მოპოვებული. ბეგლარ ქამაშიძე ამ სიაში შემავალთა სახელების მიხედვით ვარაუდობს, რომ 60-70% სწორედ მუსლიმია.

მუფთმა სამარხის აღმოჩენის შესახებ 5 დღის წინ შეიტყო და ამბობს, რომ მანამდე ამ ინფორმაციას არც მუსლიმთა სამმართველოს სხვა წარმომადგენლები ფლობდნენ.

ინფორმაცია 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილ მოქალაქეთა ოთხი სამარხის აღმოჩენის შესახებ, 5 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა. ამავე წყაროს ცნობით, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანკო შეკრების ბაზა #3-ის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სამარხებში150-მდე ადამიანის ნეშტი იყო დამარხული.

XS
SM
MD
LG