Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერი ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფს ხვალაც შეხვდება


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, ტაქსის მძღოლები რეფორმის აუცილებლობას ეთანხმებიან, თუმცა, ეტაპობრივად განხორციელებას ითხოვენ.

კახა კალაძის ინფორმაციით, მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან ოთხშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ მერიამ ავტომანქანების თეთრად შეღებვის ალტერნატივად შესთავაზა თეთრი ფირის გადაკვრა, რაც მძღოლებისთვის მისაღებია.

„ფირის გადაკვრის შემთხვევაშიც, ავტომანქანაზე რეკლამას კომპანია „ალმა“ განათავსებს 2 წლის ვადით, ან შესაძლოა, უფრო ნაკლებით და მიიღებს შემოსავალს. ორი წლის შემდეგ კი, ეს სარეკლამო შემოსავალი მძღოლების საკუთრება იქნება” - უთხრა ჟურნალისტებს კალაძემ.

თბილისის მერი ამბობს, რომ რეფორმაზე მუშაობის დაწყებისას გაითვალისწინეს ტაქსის მძღოლების სოციალური მდგომარეობა და იმისთვის, რომ ავტომანქანის შეღებვა ტვირთად არ დააწვეთ, ხელშეკრულება გააფორმეს სარეკლამო კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს გადაღებვის დაფინანსებას.

„ტაქსის მფლობელებს არც ერთი თეთრი არ უჯდებათ ავტომანქანების გადაღებვა, თუმცა მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ შეიძლება გადაღებილი ავტომანქანა წლების შემდეგ ისეთ ფასად ვერ გაყიდონ, როგორც სურთ. აქაც მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და თუ გადაღებვა არ სურთ, აქვთ შესაძლებლობა, თეთრი ფირი გადააკრან. ამასაც ჩვენ ვაკეთებთ მათი მხრიდან ყოველგვარი დანახარჯის გარეშე“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, A კატეგორიის ტაქსის მფლობელებს გადაეცემათ მანათობლები, ასევე დედაქალაქში გამოყოფილია საპარკინგე ადგილები, რომლითაც უფასოდ ისარგებლებენ.

„პარასკევს კიდევ მაქვს მათთან შეხვედრა და ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი” - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მძღოლების დღევანდელ საპროტესტო მსვლელობას, თბილისის მერი აქციაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.

„ვიცით, თუ ვინ არის ამ აქციის ორგანიზატორი და უნდათ, რომ ტაქსის მძღოლები გამოიყენონ. მაქსიმალურად ვცდილობთ, გვქონდეს კომუნიკაცია ამ ადამიანებთან, მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რეფორმის განხორციელება როგორც თბილისელებისთვის, ასევე ტაქსის მძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, წინ ვიყურებით, მომავალს ვუყურებთ. ზოგადად, ტაქსი ქალაქის სახეა, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, როგორც განვითარებულ, ევროპულ ქალაქებში" - აცხადებს თბილისის მერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG