აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ინფორმაციით, ნიკოლას მადურო მზად იყო ვენესუელიდან გასაქცევად, მაგრამ რუსეთის წარმომადგენლებმა გადააფიქრებინეს.
ტელეკომპანია „სიენენ“-თან ინტერვიუში მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ 30 აპრილს მადუროს თვითმფრინავი მზად იყო და ის ჰავანაში წასვლას აპირებდა, მაგრამ რუსებმა დარჩენა უბრძანეს.
სახელმწიფო მდივანმა აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს.
30 აპრილს დილით, ხუან გუაიდომ გაავრცელა ვენესუელის ერთ-ერთ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ჩაწერილი ვიდეომიმართვა. არმიის მოსამსახურეთა უნიფორმიანი პირების გარემოცვაში მყოფმა გუაიდომ განაცხადა, რომ სამხედროებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და მზად არიან მადუროს მთავრობასთან საბრძოლველად.
ხუან გუაიდომ სხვა სამხედროებსაც მსგავსი ქმედებისკენ მოუწოდა და ვენესუელის მოაქალაქეებს მიმართა, დაიწყონ ოპერაცია „თავისუფლების“ გადამწყვეტი ეტაპი.
მიმართვიდან რამდენიმე ხანში კარაკასში დაიწყო შეტაკებები გუაიდოს და მადუროს მომხრეებს შორის. სააგენტო „ფრანს პრეს“-ის ინფორმაციით, დაშავებულია 70-მდე ადამიანი.
მადუროს რეჟიმის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები მოხდა ვენესუელის სხვა ქალაქებშიც. არასამთავრობო ორგანიზაციის Provea-ს ინფორმაციით არაგუის შტატში დაიღუპა 24 წლის დემონსტრანტი.
ამავე ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის დასაწყისიდან, მადუროს საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებისას დაღუპულია 53 ადამიანი.
30 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ნიკოლას მადუროს მთავრობამ განაცხადა, რომ გადატრიალების მცდელობა ორგანიზებულია მოღალატე სამხედროების მიერ, შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილი კი მხარს კანონიერ ხელისუფლებას უჭერს.
მადუროს მთავრობის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ პადრინომ ტელემიმართვისას თქვა, რომ სამხედროები მზად არიან დაიცვან ვენესუელის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. არმიის ერთგულების შესახებ განაცხადა ნიკოლას მადურომაც და პირობა დადო, რომ იმპერიალისტებს არ დანებდება.