Accessibility links

site logo site logo

რუსლან აბაშიძე: ვადასტურებ, რომ სალომე ზურაბიშვილის მეგობარი ვარ


„ვადასტურებ, რომ სალომე ზურაბიშვილის ახლობელი და მეგობარი ვარ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა აფხაზეთის მთავრობის ახლად არჩეულმა ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ.

რუსლან აბაშიძის თქმით, პრეზიდენტთან მეგობრობა არ არის მიზეზი იმისა, რომ ის პირველ მაისს, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელად აირჩიეს:

„ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ეს მომენტი არ უკავშირდება ჩემს პოზიციას“.

რუსლან აბაშიძისა და მისი მეუღლის, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორის, თაკო ჩხეიძის სახელი და გვარი სალომე ზურავიშვილის საარჩევნო კამპანიის მსვლელობისასაც ფიგურებდა.

რუსლან აბაშიძემ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენო კამპანიისას 59 958 ლარი შესწირა.

თაკო ჩხეიძე კი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი სახე იყო.

აფხაზეთის მთავრობის მეთაურად რუსლან აბაშიძის დანიშვნას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ნაწილი ეწინააღმდეგებოდა.

როგორც დეპუტატთა ნაწილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, აბაშიძის კანდიდატურის არჩევა ცენტრალურმა მთავრობამ მოითხოვა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გადადგომის შესახებ განცხადებით აფხაზეთის უზენაეს საბჭოს პირველ მაისს მიმართა. ის ამ პოსტს 2013 წლიდან იკავებდა.

რუსლან აბაშიძე 2019 წლის იანვრიდან დღემდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდა.

1997-2014 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო შვეიცარიაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და ა.შ.

2009-2013 წლებში რუსლან აბაშიძე ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს იკავებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG