Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში იკვლევენ იუშჩენკოსა და სააკაშვილს შორის საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შეთანხმებას


 საქართველოს და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები, მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშჩენკო, პოლონელ და ლიტველ კოლეგებთან ერთად „არტეკში“. 2005 წელი
საქართველოს და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები, მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშჩენკო, პოლონელ და ლიტველ კოლეგებთან ერთად „არტეკში“. 2005 წელი

კიევის პეჩორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლებს წვდომის საშუალება მიეცათ „უკრსპეცექსპორტის“ საბანკო ანგარიშებზე. სახელმწიფო ორგანიზაცია ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს, 2005 წელს საქართველოს აწვდიდა სამხედრო შეიარაღებას.

ამის თაობაზე ცნობას ავრცელებს საინტერნეტო გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“, რომელიც პროექტ „მარლინის“ ინფორმაციას ეყრდნობა. „მარლინი“, ამავე ცნობით, გაეცნო სასამართლოს მასალას.

წინასწარი გამოძიების თანახმად დადგინდა, რომ მოლაპარაკების შედეგად, რომელსაც მიაღწიეს იუშჩენკომ და საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2005 წლის აპრილში, „უკრსპეცექსპორტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი საქართველოსთვის საზენიტო-სარაკეტო დანადგარების, სამხედრო ჯავშანმანქანების, ტანკების და სხვა მსგავსი ტექნიკის მიწოდების შესახებ. საქონლის გადაცემის უფლებამოსილება მიანიჭეს „უკრსპეცექსპორტის“ შვილობილ ფირმას, „პროგრესს“.

„უკრაინსკაია პრავდის“ თანახმად, გამოძიება ცდილობს დაადგინოს გაყიდული სამხედრო ტექნიკის რეალურ ფასი და მიაკვლიოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ ამ ფასების შესაძლო შემცირების ფაქტებს.

ჯერ კიდევ ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს ოპონენტები ხშირად ადანაშაულებდნენ მას საქართველოსთან თავდაცვითი იარაღის შესახებ გაფორმებული კონტრაქტების გამო, რამაც, კრიტიკოსების თქმით, უკრაინის ბიუჯეტიც აზარალა და ქვეყნის თავდაცვაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG