Facebook-მა, რომლისგანაც სულ უფრო მეტად ითხოვენ სიძულვილისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას, სოცქსელზე წვდომა შეუწყვიტა აშშ-ის რამდენიმე მემარჯვენე რადიკალ პოლიტიკოსს.
მათ შორის, ვისი ანგარიშებიც გაუქმდა, არიან ალექს ჯონსი და მისი ვებსაიტი Infowars-ი, რომელზეც ხშირად ქვეყნდება შეთქმულების თეორიები.
Facebook-მა ასევე გამოაცხადა, რომ სოცქსელის გამოყენებას უკრძალავს პოლ ნელენს, თეთრი რასის უპირატესობის დამცველს, რომელიც 2018 წელს კონგრესში იყრიდა კენჭს. ასევე Nation of Islam-ის ლიდერს, ლუის ფარახანს, რომელიც ებრაელებს „ტერმიტებს“ უწოდებს.
კომპანია გააუქმებს აკრძალულ პირებთან დაკავშირებულ ანგარიშებს, გვერდებს, ჯგუფებსა და ღონისძიებებს.