საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ძალიან მძიმე დანაშაულის პრევენცია. პრემიერი გულისხმობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 7 მაისს გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, "გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე."
ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავის აღსანიშნავად ვაკის პარკში მისულ პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მოსალოდნელია თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება. „პროკურატურას აქვს თავისი პროცედურები, მათ გააკეთეს განცხადება, რომ სწავლობენ მტკიცებულებებს და ამას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები და ნაბიჯები. ჩვენ უნდა დაველოდოთ მათ და შევხედოთ მოვლენების განვითარებას“ - თქვა მამუკა ბახტაძემ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე 8 მაისს, 15 საათზე იყო დაბარებული. თუმცა, მისმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ამ დროს სასამართლო პროცესი აქვს, ამიტომ გამოკითხვის გადადება ითხოვა და მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 9 მაისს, 11 საათზე მივა.
თავად მაჩალიკაშვილმა 8 მაისს ღამით, სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ 9 მაისი უქმე დღეა და გამოკითხვაზე არ გამოცხადდება.