Accessibility links

site logo site logo

გასამრჯელო დუმილისთვის? - სამოქალაქო სექტორი ნინო გვენეტაძეს მოუწოდებს ილაპარაკოს


„მე არ მაქვს იმედი, რომ ნინო გვენეტაძე ოდესმე ღიად ისაუბრებს, ბევრი მიზეზის გამო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ისიც და ბევრი მისი კოლეგა იურისტიც მიიჩნევს, რომ კითხვებს, რომლებიც 2018 წლის აგვისტოს შემდეგ, ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს პოსტიდან მოულოდnელი წასვლის შემდეგ გაჩნდა, პასუხი უნდა გაეცეს.

ნაზი ჯანეზაშვილი
ნაზი ჯანეზაშვილი

ნაზი ჯანეზაშვილმა რადიო თავისუფლებას ისიც უთხრა, რომ რადგან უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ საქმიანობის გაგრძელება აკადემიურ სფეროში არჩია, ახლა კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ისაუბროს ხმამაღლა:

„თქვას სიმართლე - რატომ დატოვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა. ასე, ერთის მხრივ, ის მისცემს მაგალითს სტუდენტებს, მეორეს მხრივ კი, საზოგადოებაც იმსახურებს იცოდეს სიმართლე“, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

9 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გვენეტაძე თსუ-ს პრორექტორი გახდა. შარშან აგვისტოს შემდეგ მას დუმილი არ დაურღვევია.

ნინო გვენეტაძის პოსტიდან წასვლის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს სათავეში უდგას თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა საბჭოს ჯერ არ წარუდგენია.

ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ როგორც ჩანს, „კლანი ელოდება უზენაესი სასამართლოს თავისი ხალხით დაკომპლექტებას, რათა შემდგომ მათთვის სანდო ადამიანზე გააკეთონ არჩევანი“.

„კონსტიტუციის ახალი ნორმებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნომინირებას ახდენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ხოლო კანდიდატი შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე“, - უთხრა ნაზი ჯანეზაშვილმა რადიო თავისუფლებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე მიიჩნევენ, რომ აჯობებს ნინო გვენეტაძემ დუმილი დაარღვიოს. ამ აზრზეა, მაგალითად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის გამგეობის თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ აჯობებდა ნინო გვენეტაძე საჯარო სირცეში გამოჩენილიყო, გაეცა პასუხები დაგროვილ კითხვებზე და ამის შემდეგ დაეკავებინა თანამდებობა.

„მან ვერ დაამარცხა კლანი, გარკვეული დოზით ითანამშრომლა მათთან და მერე ვეღარ შეძლო ეს და ამიტომაც წავიდა. მაგრამ ახლა მას აქვს შანსი გამოვიდეს და ყველა შეკითხვას უპასუხოს“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი გია გვილავა კი მიიჩნევს, რომ რადგან გვენეტაძემ კარგად იცის სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, სწორედ მან უნდა ისაუბროს იმაზე, თუ რა მექანიზმით და მეთოდებით მოქმედებს კლანი.

გიორგი მშვენიერაძე
გიორგი მშვენიერაძე

„უცნაურ და აუხსნელ გადაწყვეტილებად“ რჩება ნინო გვენეტაძის წასვლა პოსტიდან „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დამფუძნებლის, გიორგი მშვენიერაძისათვისაც. მისი თქმით, საზოგადოებამ ვერ მიიღო დამაჯერებელი პასუხები, თუ რატომ დატოვა წარმატებულმა მოსამართლემ სასამართლო სისტემა.

ხომ არ არის ნინო გვენეტაძისთვის პრორექტორობა ერთგვარი საჩუქარი ხელისუფლებისგან დუმილის სანაცვლოდ? - მედიამ 9 მაისს ეს შეკითხვაც დასვა.

გიორგი მშვენიერაძე აცხადებს,რომ დანამდვილებით ამაზე საუბარი რთულია, თუმცა, როდესაც საზოგადოებას აქვს კითხვები სასამართლოდან მის წასვლასთან, ასევე მის პოზიციებთან მიმართებით, სამართლიანია ამავე საზოგადოებას გაუჩნდეს ეჭვი, ხომ არ არის ახალი პოსტი გარკვეულწილად გასამრჯელო დუმილისთვის?

„ეს კითხვები ყოველთვის დარჩება მის კარიერაში, თუ ნინო გვენეტაძე საჯაროდ არ გასცემს ამ კითხვებს პასუხებს“, - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

ნინო გვენეტაძის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის ფაქტს 9 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და სპეკულაცია უწოდა განცხადებებს, თითქოს ნინო გვენეტაძემ ეს პოსტი დუმილის სანაცვლოდ მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG