კასპის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ყარაფილასთან, ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ორი მამაკაცი გაიტაცეს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის განცხადებით, დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი სოფლის განაპირას სატაცურის საკრეფად იყვნენ წასულები, რა დროსაც შეირაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ორივე მათგანი დააკავეს.
ისერგიშვილი 50 წლამდე ასაკისაა, პატარკაციშვილი კი - 35 წლის. თანასოფლელების ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებული ცხინვალის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულები არიან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის. მათივე ცნობით, ამ ფაქტზე უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.