Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო


ზუგდიდის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატებს შორის.

მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მივიდა ზუგდიდში დღეს მომხდარი ინციდენტის შემდეგ. მათ საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი დაპირისპირების ფაქტებზე მსჯელობა მოითხოვეს.

საკრებულის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ, სანდრა რულოვსმა უმრავლესობის წევრს, გია დანელიას ჰკითხა, რა იგულისხმა, როცა „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ გამარჯვებას ყველაფრის ფასად მიაღწევენ.

სიტყვიერი დაპირისპირება რულოვსის ამ შეკითხვას მოჰყვა. დანელიამ თქვა, რომ ვერაფერი გაიგო, თუ რა უნდოდა მისგან ოპოზიციის მერობის კანდიდატს. „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ლაგვილავამ კი სანდრა რულოვსს შეახსენა მისი განცხადება ზვიად გამსახურდიას შესახებ და უთხრა, რომ არ აქვს მორალური უფლება იმყოფებოდეს სხდომათა დარბაზში, რომელიც ზვიად გამსახურდიას სახელობისაა.

საკრებულოს ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძე ამბობს, რომ ოპოზიცია საკრებულოში მივიდა კონკრეტული ინიციატივით, რომელზეც სანდრა რულოვსი მოგვიანებით ისაუბრებს.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა წოწერიას შეფასებით, ოპოზიციის მიზანი პროვოკაციის მოწყობა იყო. „მოვუწოდებ ყველას, სიმშვიდით შევხვდეთ ყველაფერს და მაქსიმალურად ავირიდოთ ეს პროვოკაციები“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ. მისივე თქმით, არჩევნებზე მოსახლეობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საკადრის პასუხს გასცემს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG