Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიცია "ზუგდიდის ინციდენტის" მონაწილეთა დროულად დაკავებას მოითხოვს


გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ზუგდიდის პოლიციასთან
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ზუგდიდის პოლიციასთან

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე, რომელიც „დადიანების სასახლის“ ეზოში იმყოფებოდა დღეს მომხდარი დაპირისპირების დროს.

საქართველოს პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ კობა ნაყოფიამ, რომელიც პოლიციის სამმართველოსთან იმყოფება, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზურაბ ცერცვაძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს.

ნაყოფიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დააკისრა და განაცხადა, რომ თუ დაპირისპირებაში მონაწილე პირებს დროულად არ დააკავებენ, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, ნიკოლოზ ვაშაკიძის ინფორმაციით, ზურაბ ცერცვაძეს, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სამართალდამცავები გარკვეულ "პროვოკაციულ, არაკეთილსინდისიერ" შეკითხვებს უსვამენ.

ვაშაკიძის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ დავალებით მოქმედებენ ერთი და იგივე ჯგუფები, რომელთა წევრების უმრავლესობის ვინაობა იდენტიფიცირებული აქვთ და პოლიციას ინფორმაცია რამდენჯერმე მიაწოდეს, თუმცა უშედეგოდ.

„გაითვალისწინონ, რომ „ოცნება“ მუდმივად ხელისუფლებაში ვერ დარჩება და ამ ქვეყანაში თუ აპირებენ ცხოვრებას, მოიქცნენ ისე, როგორც წესიერ მოქალაქეებს შეეფერებათ", - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG