Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადეკ შიკორსკი: აღმოსავლეთის პარტნიორობა არაა თანამშრომლობის უკანასკნელი სტადია


აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ერთ-ერთი არქიტექტორი, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად პოლონეთის სეიმის სპიკერი, რადეკ შიკორსკი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აფასებს, რის მიღწევა მოხერხდა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამით და რის - ვერა.

- აღმოსავლეთის პარტნიორობამ რა დადებითი როლი შეასრულა ამ ათი წლის განმავლობაში?

კარგი ისაა, რომ პარტნიორობის წევრი ქვეყნები საერთოდ ხვდებიან ერთმანეთს ევროპულ კონტექსტში. ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ზოგიერთ მათგანს შორის არ არის კარგი ურთიერთობა. ამ ფორმატში კი ისინი თანამშრომლობენ. ლაპარაკი ჯობია ომს. ეს ერთი. მეორე - გადავხედოთ მიღწევების სიას: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რაც ნიშნავს პოსტსაბჭოთა იურიდიული სივრციდან გასვლას და ევროკავშირის კანონებისა და რეგულაციების ამოქმედებას; უვიზო მიმოსვლა; ერაზმუს პლუსი; მილიარდობით ევრო დახარჯული საზღვრების მართვაზე, ტურიზმზე, ეკოლოგიურ ინიციატივებზე, მცირე სასაზღვრო ტრანსპორტის შეთანხმებებსა და მცირე ბიზნესზე. ათიათასობით სტუდენტმა ისარგებლა ერაზმუს პლუსით, რაც შესანიშნავია. და ნუ დავივიწყებთ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობამ შეცვალა აღმოსავლეთ ევროპის ისტორია. ვილნიუსის სამიტზე ვიქტორ იანუკოვიჩმა მიიღო უკრაინისთვის და საკუთარი თავისთვის სავალალო გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა რუსეთში გაქცევა და მოვლენები, რომელთა შედეგადაც ხალხი დაიღუპა და ყირიმის ანექსია მოხდა. მაგრამ ამავე დროს უკრაინა ამ მოვლენებიდან გამოვიდა, როგორც ქვეყანა, რომელიც საკუთარი თავის რეფორმირებას ახდენს და ის პროდასავლური დემოკრატია არის.

- შემდეგი ათი წლის განმავლობაში როგორ გესახებათ აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავალი?

ბევრი რამაა გასაკეთებელი. ზოგმა ამ ქვეყანამ უფრო ენერგიულად უნდა დაძლიოს კორუფცია. ყველა მათგანს არა აქვს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ყველა მათგანს არა აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე. აღმოსავლეთის პარტნიორობა ჩავიფიქრეთ, როგორც ერთგვარი აღმოსავლეთევროპული „ვიშეგრადის ჯგუფი“, რომელიც დაარსდა, სანამ ჩვენ - პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი - ევროკავშირში შესვლამდე ევროკავშირის წევრებს დავუმტკიცებდით, რომ შეიძლება კლუბში ჩვენი მიღება. [აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნები] ესწრებიან შეხვედრებს, რაც უკვე მნიშვნელოვანია. მაგრამ მათ უნდა გადალახონ აზრთა სხვადასხვაობა და აჩვენონ, რომ უნარი შესწევთ, გახდნენ კიდევ უფრო მჭიდროდ ინტეგრირებული ჯგუფის ღირსეული წევრები.

- ათი წლის შემდეგ სად იქნებიან პარტნიორობის მოწინავე ქვეყნები - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა?

ეს მათზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს დამოკიდებულია ჩვენს ხელმძღვანელობაზეც. იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება პროგრამას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესი წარმომადგენელი და არის თუ არა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ზეწოლა, რომ უფრო მეტი გაკეთდეს. და თუკი ეს წინასწარი პირობები ერთდროულად იმოქმედებს, მაშინ, ჩემი აზრით, ზოგიერთი ქვეყანა შეიძლება ბევრად უფრო ახლოს იყოს ევროკავშირის წევრობასთან, ვიდრე დღეს.​

- შეიძლება, რომ ეს ქვეყნები კანდიდატებად იქცნენ?

ეს მათზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული არიან, რომ ჩვენ, როგორც კავშირს, არ გვსურს მათი მისწრაფებების აღიარება. სხვათა შორის, მე ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ იმის აღიარებაში, რომ ვიღაცას აქვს მისწრაფებები. და თუ გახსოვთ, ევროკავშირმა ადრე განაცხადა, რომ ჩვენ პარტნიორობას არ მივიჩნევთ მათთან ურთიერთობის უკანასკნელ სტადიად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG