„სატახტოთა თამაშების“ ბოლო სეზონს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოყვა. ზოგს მოგვწონს, ზოგისაც ძალიან იმედი გაუცრუა. თუმცა, მაქებარნიც და მაძაგებლებიც ერთ რამეზე ვთანხმდებით - რამინ ჯავადი გენიოსია.
ვინც არ იცით - ჯავადი ამ სერიალის მუსიკის ავტორია. მუსიკა ფაქტობრივად უნაკლოა - ქუდიდან დაწყებული, პერსონაჟის თემებით დამთავრებული. რამდენიმე ეპიზოდის საუნდტრეკი კი ისეთი კარგია, რომ დროდადრო ისე, უბრალოდაც მოისმენ კაცი.
ჯავადის დამფასებლები, მაგალითად ვკამათობთ ხოლმე - The Night King ჯობია თუ Light of Seven. კამათს, ცხადია, აზრი არა აქვს - ორივე კომპოზიცია უზადო და გადასარევია.
საქმე მარტო იმაშიც არ არის, რომ ჯავადის ნიჭი აქვს და კარგი მუსიკის წერა შეუძლია. აღმაფრთოვანებელი და გასაგიჟებელია, თუ რამდენია ნაფიქრი თითოეულ კომპოზიციაზე და რა ყურადღება აქვს დათმობილი დეტალებს.
აი, ზემოთ ნახსენები ორ კომპოზიცია ავიღოთ. ჯავადი ამბობს, რომ Light of Seven პირველი თემა იყო სერიალში, სადაც პიანინო გამოიყენა. ცხადია, მაყურებლების უმეტესობა მაგას არ დააკვირდება, მაგრამ აკვირდები თუ არა - შედეგი ერთი აქვს - რომ, აი, უსმენ და უცებ რაღაც უცნაურად გხვდება ყურზე - მაშინვე განსაკუთრებულობის განცდას გიჩენს.
„არ აკვირდები, მაგრამ მაინც მოქმედებს“ ამბის გაგრძელებაა ქუდის მუსიკაც. ჯავადის მელოდია (აი ის - „პამ პაამ პარარამ პამ პარარაამ“), როგორც წამიკითხავს „არასწორად“ იწყება და მთავრდება. ანუ, თეორიულად გამოყენებული ნოტები ფრაზას არ ამთავრებს და მსმენელში დაუკმაყოფილებლობის განცდას უნდა აჩენდეს. მაგრამ, არ აჩენს, რადგან ჯავადის ამოცანა სწორედ ეგ იყო - მოგზაურობის, თავგადასავლის და გზის განწყობა უნდა შეექმნა მსმენელში. შექმნა კიდეც.
და სულ ბოლო „ტარან ტან ტარან ტან“ გახსოვთ? აი, ქუდის მუსიკა რითაც მთავრდება. არფას რომ გავს და რომ არ არის. ეგ რა ინსტრუმენტია იცით? რა და, რაღაც სკანდინავიური სიმებიანი ფოლკ-არფა თუ ვიოლინოს ბიძაშვილი - ინგლისურად ჰარდანგერს უწოდებენ და ქართულადაც ალბათ ეგრევე იქნება.
ჯავადი ინსტრუმენტი სპეციალურად ჩამოატანინა, იმ ბოლო 4 წამში რომ გამოეყენებინა. მინდოდა, რომ თან შუასაუკუნეების ჟღერადობა ჰქონოდა, თან ნაცნობი ხმა ყოფილიყო, თან მაინც უცხოო. 4 წამისთვის, ბილ! თითქოს, თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების პატრონს, არ შეეძლო მაგდენი არ ეწვალა და, რავი, არფის ხმა დაემუშავებინა და ის დაედო? განა კი ვინ მიხვდებოდა?
მაგრამ, არა! კარგსა და ცუდს შორის განსხვავება მხოლოდ ეგეთ დეტალებშია.
მოსასმენად კი, სერიალის მუსიკის ნაცვლად, გთავაზობთ ერთ-ერთი საუკეთესო პოდკასტის, Song Exploder-ის ერთ ეპიზოდს, სადაც ჯავადი ყვება, თუ როგორ მუშაობდა ქუდის მუსიკაზე.
ინგლისური თუ გესმით, არ დაიზაროთ. ძალიან საინტერესოა.