აშშ-მა ახალი ფინანსური სანქციები დაუწესა კერძო პირებს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვიდან და სამართალდამცველ უწყებას, სწრაფი რეაგირების რაზმ „ტერეკს“, რომელთაც კავშირი აქვთ „ჰომოსექსუალებისგან გაწმენდის“ კამპანიასთან, რასაც შედეგად მოჰყვა ათობით გეი და ბისექსუალი მამაკაცის დაპატიმრება და ზოგ შემთხვევაში წამება.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ასევე გამოაცხადა, რომ ჩეჩნეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირს უწესებს სანქციებს მისი სავარაუდო კავშირის გამო 2015 წელს რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის მკვლელობასთან. სანქციები დაწესდა 2012 წლის მაგნიტსკის აქტის მიხედვით. ეს კანონი და ოთხი წლის შემდეგ მიღებული უფრო ფართო კანონი აშშ-ის ხელისუფლებას უფლებას აძლევს სანქციები დაუწესოს კერძო პირებსა და უწყებებს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის რუსეთსა და მთელ მსოფლიოში.
ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ სანქციებს „მსგავსი ზომებით“ უპასუხებს.