საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 მაისის არჩევნების მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია 5 პირი. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კოორდინატორების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების და მხარდამჭერების მიმართ არაერთი მოწოდებისა, რომ დაეცვათ კანონი და საფრთხე არ შეექმნათ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებისთვის, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილი აქვს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, ასევე, დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს.
მეზვრიშვილის განცხადებითვე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, აღკვეთოს სამართალდარღვევები ისე, რომ ზიანი არ მიადგეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას, თუმცა, სამწუხაროდ, აშკარაა სიტუაციის გამწვავების მცდელობები და პროვოკაციები, სახეზეა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ურთიერთდაპირისპირებები, მათ შორის ე.წ. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას - პოლიტიკურ პარტიებს, მათ მხარდამჭერებს, კოორდინატორებს თუ დამკვირვებლებს, დაიცავით კანონი და ნუ მოახდენთ სიტუაციის ესკალაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად, იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ყველა პროვოკაციის და დაპირისპირების პრევენცია და საარჩევნო პროცესი გაგრძელდეს მშვიდ ვითარებაში“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ პოლიციისთვის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს სამართალდარღვევას ან დანაშაულს და ყველას მიმართ შესაბამისი რეაგირება ექნება.