შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 19 მაისის არჩევნები ყველგან მშვიდად და ნორმალურად ჩაივლის. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესი შედარებით „ემოციურად“ მიმდინარეობს ზუგდიდში, გახარიას შეფასებით, ზუგდიდელებს აქვთ საშუალება მშვიდად და დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ქალაქის მერი.
„საარჩევნო პროცესის შეფასება ჩემი საქმე არ არის. ამისთვის დამკვირვებლები არსებობენ და არსებობს ცესკო. მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობა არაფრისგან თემების შექმნის და ამ მცდელობას დღეს მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი, ზუგდიდში ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, თუმცა ყველაფერი არის ნორმალურად.
მე მოვისმინე რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის შეფასება, რომ არის გარკვეული პრობლემები, თუმცა იქ არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც მთელ საქართველოში, ზუგდიდშიც მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფალ გარემოში ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება, რომ აირჩიონ თავიანთი ქალაქის მერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ხალხმრავლობაზე ზუგდიდში. მისი თქმით, ზუგდიდი ტრადიციულად უმასპინძლებს ყველას და შემდეგ, ყველას მეგობრულად გაისტუმრებს.
„დიდი რაოდენობით ადამიანების კონცენტრირებაა ზუგდიდში. ჩვენ, მეგრელებს სტუმარმასპინძლობას ვერ გვასწავლის ვერავინ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას ვუმასპინძლებთ, ყველას გავუმასპინძლდებით; რა თქმა უნდა, ასევე მეგობრებად დავშორდებით ერთმანეთს. უბრალოდ, ის ხალხი წავა თავისთავად სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავიანთ ახალ მერთან ზუგდიდში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სამეგრელოში ჩასული შს მინისტრი ჯერ სენაკში გაჩერდა და თქვა, რომ საქმე მას სენაკშიც ჰქონდა და სწორედ სენაკიდან გაემგზავრებოდა ზუგდიდში. გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ 19 მაისს დილით ხმის მისაცემად იმყოფებოდა მთაწმინდაზე, ხოლო შემდეგ ჩამოიარა ყველგან სადაც არჩევნები ტარდება.
19 მაისს თბილისის მთაწმინდის ოლქში ტარდება პარლამენტის შუალედური არჩევნები; ახმეტის, საგარეჯოს, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები და მერის რიგგარეშე არჩევნები მარნეულის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ჭიათურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.