ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა აპირებს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დახუროს რამდენიმე სოფლის სკოლა.
მათ შორისაა ახალგორის რაიონის სოფლების აბრევის და ახმაჯის სკოლები. ოკუპირებული ახალგორის რაიონი ძირითადად, ქართველებითაა დასახლებული.
სააგენტო „რეს“-ს მოჰყავს დე ფაქტო განათლების მინისტრის, ნატალი გასიევას განცხადება, რომლის თანახმად, 90-იანი წლების მოვლენებმა ხელი შეუწყო სოფლებიდან მოსახლეობის წასვლას, მას შემდეგ არაერთი სკოლა დაიხურა, თუმცა, მცირერიცხოვანი სასწავლო დაწესებულებების პრობლემა დღემდე არსებობს.
გასიევამ მაგალითად მოიყვანა სოფელ აბრევის სკოლა, სადაც მისი ინფორმაციით, მხოლოდ ორი მოსწავლეა. დე ფაქტო მინისტრის განცხადებით, მათ შეუძლიათ მეზობელი სოფლის, წინაგარის სკოლაში იარონ. გასიევას ცნობითვე, სკოლას დახურავენ ზნაურის რაიონის სოფელ ნოგკაუშიც.