Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის საკრებულო: მკაცრად ვგმობთ ყოველგვარ იძულებას


ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყოველგვარ იძულებას, ყოველგვარ ძალადობას, ყოველგვარ შევიწროებას“ - ასე გამოეხმაურა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სულიკო თებიძე ინფორმაციას, რომ პროფესორი, რომელსაც სტუდენტი გოგონა სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, საკრებულოს წევრია.

თებიძის თქმით, მისთვის არაოფიციალურადაა ცნობილი, რომ საკრებულოს წევრისგან მოხდა იძულების ფაქტი, თუმცა, გამოძიების შედეგებს დაელოდებიან.

„ხელს არავის არ ვაფარებთ. დაველოდებით გამოძიების შედეგებს და გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონის სრული დაცვით აგებს პასუხს“ - განაცხადა ბათუმში გამართულ ბრიფინგზე სულიკო თებიძემ.

ჟურნალისტების შეკითხვას, ჰქონდათ, თუ არა კომუნიკაცია პირთან, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა: „ჩვენ ოფიციალურად ჯერჯერობით არ ვიცით ვისზეა საუბარი.“ შეკითხვას, კონკრეტულად რას ითვალისწინებს დადასტურების შემთხვევაში კანონის შესაბამისი პასუხისმგებლობა, თებიძემ უპასუხა, რომ "თუ თანამდებობის პირია, თანამდებობის დატოვება, ან იმპიჩმენტი."

ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც სტუდენტი გოგონა სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს საკრებულოს მაღალჩინოსანია პარტია „ქართული ოცნებიდან.“ მედიით გავრცელებული ცნობებით, ეს პირი ამჟამად მივლინებაშია.

როცა ჟურნალისტებმა საკრებულოს თავმჯდომარეს დაუსახელეს კონკრეტული დეპუტატის გვარი და ჰკითხეს, არის თუ არა ის მივლინებაში, სულიკო თებიძემ უპასუხა, რომ ეს პირი უკრაინის ერთ-ერთ ქალაქშია, სადაც ევროპის დღეები ტარდება.

XS
SM
MD
LG