უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ ქვეყნის მოქალაქეობა დაუბრუნა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს
22 მაისს გავრცელდა ცნობა, რომ სააკაშვილმა უკრაინის ახალ პრეზიდენტს მიმართა ქვეყნის მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით.
უკრაინის წინა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს 2015 წელს მიანიჭა მოქალაქეობა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, ორი წლის შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვა.
პოროშენკოს მმართველობის დროს სააკაშვილს 2021 წლამდე აეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.
მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების ტექსტი და მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის. "მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის! დიდება უკრაინას!" დაწერა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა.