რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აღნიშნავენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 27-ე წლისთავს. ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ 29 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა.
სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, „დამოუკიდებლობის აქტის მიღების“ დღეს ცხინვალში ზეიმობენ ველოგარბენით, „რესპუბლიკის“ პირველი ხელმძღვანელის ტორეზ კულუმბეგოვის ბიუსტის გახსნით, საზეიმო შეკრებით, კონცერტით და გამოფენებით: „ცხინვალელების ბედნიერი სახეები“ და „გაკეთებულია ოსეთში.“
სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა საბჭომ ე.წ. დამოუკიდებლობის აქტი 1992 წლის 29 მაისს მიიღო. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ამ რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და სირიამ. ასევე, ვანუატუმ და ტუვალუმ, რომლებმაც მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება გააუქმეს.