Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში ათი ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო აქციაში


პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე ათი ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც გაიმართა პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით. ბაბიშს ბრალს სდებენ ფინანსურ გაყალბებაში და ინტერესთა კონფლიქტში.

აქციის ორგანიზატორების თქმით, 4 ივნისს გამართულ აქციაში მონაწილეობა მიიღო 120,000-მა ადამიანმა. ეს შესაძლოა დემონსტრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა იყოს 1989 წელს კომუნიზმის დამხობის და ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ.

2018 წელს პროკურორებმა ბაბიშს ბრალი წაუყენეს ევროკავშირისგან მიღებული, 2,24 მილიონი ევროს ოდენობის სუბსიდიის არასწორ გამოყენებაში.

საქმე ეხება ფერმას, რომელმაც ევროკავშირის სუბსიდია მიიღო მას მერე, რაც მისი მფლობელი შეიცვალა, ბაბიშის კუთვნილი კონგლომერატის, 250-დე კომპანიისგან შემდგარი "აგროფერტიდან" ბაბიშის ოჯახის წევრებზე. სუბსიდიები განკუთვნილი იყო საშუალო და მცირე ზომის ბიზნესებისთვის და "აგროფერტი" მათ ვერ მიიღებდა. მოგვიანებით, "აგროფერტი" ისევ გახდა ფერმის მფლობელი.

ბაბიში უარყოფს დანაშაულს და აცხადებს, რომ ეს "პოლიტიკური პროცესია".

საპროტესტო ტალღა თანდათან ძლიერდება ბაბიშის და იუსტიციის მინისტრის, მარია ბენეშოვას წინააღმდეგ, რადგან არსებობს შეშფოთება, რომ მინისტრმა, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრს ბრალდებები მოუხსნას.

64 წლის ბაბიში "ფორბსის" თანახმად ჩეხეთის უმდიდრეს მოქალაქეებს შორის მეორეა, 3.7 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით, მათ შორის მედიის იმპერიის, რომელიც მოიცავს ორ წამყვან გაზეთსა და რადიოსადგურს.

ბაბიშს ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთ ლიდერთან კონფლიქტი ჰქონდა, მისი მკაცრი ანტიმიგრანტული პოზიციების გამო.

XS
SM
MD
LG