Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსლიაკების საქმე: 10 ბავშვი უკრაინაში გაემგზავრება


ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი 10 ბავშვი უკრაინაში გაემგზავრება.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გაიმართა გენერალური პროკურორის მოადგილისა და შსს მინისტრის მოადგილის შეხვედრა ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელთან და საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებთან.

„უკრაინულმა მხარემ იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვის გადაცემა ითხოვა და გამოხატა მზადყოფნა, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები პასუხისმგებლობას აიღებენ ბავშვების მეურვეობაზე და მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ“, - აცხადებს საქართველოს პროკურატურა.

უწყების ცნობით, ქართული მხარის გადაწყვეტილება სწორედ უკრაინული მხარისგან მიღებულ გარანტიებს ეფუძნება.

„აღნიშნული გარანტიების მიღების შემდეგ ქართულმა მხარემ იხელმძღვანელა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპით და მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების უკრაინული მხარისათვის გადაცემის თაობაზე“, - წერია საქართველოს პროკურატურის

5 ივნისს იულია სუსლიაკის ადვოკატმა,ზურაბ თოდუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაკავებული იულია სუსლიაკის ათი ბავშვის უკრაინაში წაყვანა სურთ ბებიებს, რომლებიც საგანგებოდ ჩამოვიდნენ თბილისში.

5 ივნისს ასევე ცნობილი გახდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ბიოლოგიური კვლევის შედეგები.

დნმ-ექსპერტიზის შედეგების თანახმად, იულია სუსლიაკის მიერ თბილისში შემოყვანილი 10 ბავშვიდან ოთხი მისი ბიოლოგიური შვილია, ხოლო 10-ვე ბავშვი მისი მეუღლის, იური სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია. 10-დან 6 ბავშვი სუროგაციის გზით არის გაჩენილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ათი უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს, იულია სუსლიაკს წინასწარი, 55-დღიანი პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა. იულია სუსლიაკს ბრალი წაყენებული აქვს არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგის) მუხლით. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

XS
SM
MD
LG