„ჩვენ გვეგონა, რომ TBC ბანკით დამთავრდა ის დიდი სკანდალი, რაც უკავშირდებოდა ანაკლიის პორტს, მაგრამ მაისის ბოლოს კიდევ ერთი სიურპრიზი გამოგვიცხო თქვენი სამინისტროს დაქვემდებარებულმა სიპმა, - უთხრა ეკონომიკის მინისტრს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა,ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
ჭიაბერაშვილმა სთხოვა ნათია თურნავას, ინვესტორებისა და საზოგადოების დასამშვიდებლად გააკეთოს მკაფიო განცხადება იმის თაობაზე, რომ ფოთში არ აშენდება ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ანაკლიის პროექტს ბუნებრივად შეუშლის ხელს.
„მარტივად გთავაზობთ ერთ რამეს: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დღეს მთავრობისგან ითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ გასცეს საჯარო და ოფიციალური გარანტია - ვიდრე არ განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, სხვა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ განხორციელდება...
ეს არის მთავარი მოთხოვნა იმისათვის, რომ ანაკლიის პროექტისთვის ფინანსები იქნას ადვილად მოძიებული. ორ წუთს გითმობთ, რომ თქვენ ამ ტრიბუნიდან მთავრობის სახელით საჯაროდ და ღიად თქვათ - ეკონომიკის მინისტრი ვიძლევი ამ გარანტიას... დარწმუნებული ვარ, რომ ამით თქვენ მოხსნით ყველა შიშს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დაინტერესდა, რას გულისხმობს დეპუტატი, როდესაც ღრმაწყლოვან პორტს ახსენებს. ზურაბ ჭიაბერაშვილმა განმარტა, მაგრამ მისი გარანტიის მიღებასთან დაკავშირებული მისი მოთხოვნა საბოლოოდ მაინც არ დაკმაყოფილებულა. ეკონომიკის მინისტრმა გაიმეორა მხოლოდ ის, რომ ანაკლიის პროექტი საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტია და ის არ დაზარალდება.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ანაკლია ჩვენი პრიორიტეტია, არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება მის საზიანოდ, არ განხორციელდება არცერთი მისი დამაზიანებელი პროექტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ კომიტეტის სხდომაზე.
29 მაისს, საღამოს, ფოთის ნავსადგურის მფლობელმა კომპანიამ - „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიიღო ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა.
ამ ინფორმაციას განგაში მოჰყვა როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. შემდეგ მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ არაფერი იცოდა დოკუმენტის გაცემის თაობაზე და თანამდებობიდან გაათავისუფლა იმ სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც გასცა ეს დოკუმენტი.
ეკონომიკის მინისტრი თვლის, რომ TBC ჯგუფის დამფუძნებლების მიმართ ფულის გათეთრების ბრალდება არანაირად არ უკავშირდება ანაკლიის პორტს, მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა სწორედ TBC ჯგუფის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა.
„პროკურატურამ გააკეთა ყველაფერი, რომ მსოფლიოს გაეგო, რომ ფულის გათეთრებაზე აწარმოებენ გამოძიებას, პროაქტიულად... ეს თქვენ პრობლემად არ მიგაჩნიათ?! ... გამოძიების დასრულებამდე ინფორმაციის გავრცელება იმ პირებზე, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან პროექტში საკვანძო როლს თამაშობს, ეს სასარგებლო იყო პროექტისთვის?!“, - ამ სიტყვებით მიმართა ეკონომიკის მინისტრს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ.
ნათია თურნავამ დეპუტატს უპასუხა, რომ ამ პროცესს ანაკლიის პროექტზე დამაზიანებელი ზეგავლენა არ მოუხდენია.
„(ანაკლიის) პროექტთან მიმართებით ამ ქეისს არავითარი დამაზიანებელი გავლენა არ ჰქონია. ამას ადასტურებს ის, რომ სწორედ ამის შემდეგ წარიმართა მთავარი მოლაპარაკება ბანკებთან, ბანკები ძალიან მშვიდად მოგვყვებიან მოლაპარაკებებში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ოპოზიციას ეჭვი ეპარება,რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული პროცესი მშვიდია და ის შეშფოთების საფუძველს არ იძლევა.