პრორუსულად მიჩნეული უკრაინელი პოლიტიკოსები, იური ბოიკო და ვიქტორ მედვედჩუკი, კვლავ ჩავიდნენ რუსეთში და სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდნენ სახელმწიფო კონცერნ „გაზპრომის“ თავმჯდომარეს, ალექსანდრ მილერს.
როგორც მედვედჩუკმა უთხრა უკრაინულ მედიას, ისინი განაგრძობენ მცდელობას, რომ მიაღწიონ რუსული გაზის მიღებას ფასდაკლებით. ამასთან მედვედჩუკმა აღნიშნა, რომ მათი რუსეთში ჩასვლა არ არის შეთანხმებული პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელიც, მედვედჩუკის სიტყვებით, „ჯერ კიდევ ვერ მომწიფდა“.
უკრაინის პარლამენტის წევრი იური ბოიკო, „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს წევრია. 31 მარტს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში იური ბოიკო მეოთხე ადგილზე გავიდა ხმათა 11,67%. ყველაზე მეტი ხმები პრორუსულად განწყობილმა პოლიტიკოსმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მოიპოვა.
ხოლო ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილის დარიას ნათლია, სათავეში უდგას პრორუსულ საზოგადოებრივ მოძრაობა „უკრაინის არჩევანს“.
მანამდე 22 მარტს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ერთი კვირით ადრე, იური ბოიკო და ვიქტორ მედვედჩუკი ასევე იმყოფებოდნენ რუსეთში, სადაც რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს შეხვდნენ. უკრაინის უშიშროების სამსახურში მაშინ განაცხადეს, რომ მოკლე ვადაში მიეცემოდა სამართლებრივი შეფასება ბოიკოსა და მედვედჩუკის ვიზიტს მოსკოვში.
მანამდე თებერვლის დასაწყისში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ვიქტორ მედვედჩუკის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატსა და სეპარატიზმში ეჭვმიტანის საფუძველზე.
საქმის აღძვრის მიზეზი გახდა მედვედჩუკის განცხადება, რომ აუცილებელია უკრაინაში შეიქმნას „დონბასის ავტონომიური რეგიონი“ საკუთარი პარლამენტითა და მთავრობით.