Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თეირანში ჩავიდა ბირთვული შეთანხმების გადარჩენის გზების მოსაძიებლად


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი 10 ივნისს თეირანში ირანის ოფიციალურ პირებს შეხვდა ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების შესაძლებლობების მოსაძიებლად.

მაასი შეხვდა თავის კოლეგას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს. მოგვიანებით დაგეგმილია პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან მოლაპარაკება.

მაასმა მოუწოდა ირანს, შეინარჩუნოს ბირთვული შეთანხმება. მან თქვა, რომ „ვიცით, ირანს დაპირდნენ ეკონომიკურ სარგებელს და ამის რეალიზება ამერიკელების გარეშე რთულია“, მაგრამ, დასძინა მაასმა, არსებობს „ ამ შეთანხმების შენარჩუნების პოლიტიკური და სტრატეგიული ინტერესები და ეს არის ევროპასთან დიალოგი. ეს ირანმა უნდა გააცნობიეროს“, თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეირანში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაასის ირანში ჩასვლამდე განაცხადა, რომ „სურს ზუსტად იცოდეს, რა გააკეთეს პარტნიორებმა შეთანხმების გადარჩენის მიზნით“.

მაასმა თეირანში განაცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის კომპენსირება მოხდეს შესაძლებლობების ფარგლებში ახალი ინიციატივებით და იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანია არ აპირებს ჩაერთოს დისკუსიაში, შეთანხმების სულ უფრო და უფრო ნაკლები პირობების შესრულების გარშემო. ბოლოს და ბოლოს, თქვა მაასმა, ატომურ ენერგიის საერთაშორისო სააგენტო გააკონტროლებს მხარეების მიერ ბირთვული შეთანხმების შესრულების პირობებს.

ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, ასევე გერმანიას შორის, 2015 წელს დაიდო ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ირანის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმებას გულისხმობდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2018 წელს აშშ შეთანხმებიდან გაიყვანა და ისლამურ რესპუბლიკას ახალი სანქციები დაუწესა. ტრამპის თანახმად, შეთანხმება არ იყო საკმარისად მკაცრი იმისთვის, რომ ირანისთვის ხელი შეეშალათ, განავითაროს ბირთვული იარაღი და არ შეეხო ბალისტიკურ რაკეტების პროგრამას, ასევე მის როლს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში. ევროპის შეთანხმების მონაწილე ქვეყნები იზიარებენ ვაშინგტონის შეშფოთებას ბალისტიკური რაკეტების გამო. ირანი უარყოფს ბრალდებებს, რომ მხარს უჭერს მეამბოხეებს და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG