საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისის ხეობაში 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მედიკო მარგოშვილმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში შეეცდება საქართველოს მასშტაბით შეაგროვოს 100 000 ხელმოწერა და პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგინოს.
„150-ვე პარლამენტარის სახელზე შევიტანე წერილი კომისიის შექმნის მოთხოვნით, მაგრამ დღევანდელ პარლამენტში უმრავლესობამ პირდაპირ დაარღვია ჩემი უფლებები, რადგან ყურადაც არ მიიღო ჩემი ეს მოთხოვნა. რას ვითხოვ? არ არის სასამართლო, არ არის პროკურატურა და მივმართე პარლამენტს, რომ თქვენ მაინც, როგორმე დამიდექით გვერდში და საბოლოოდ, გავაგებინოთ ხალხს, რომ სახელმწიფოს ჩადენილი აქვს სასტიკი დანაშაული. ამაზე უარი მითხრეს. ახლა ვეცდები მთელი საქართველოს მასშტაბით 100 000 ხელმოწერა შევაგროვო. როცა ეს ხელმოწერები იქნება, მაშინ იძულებულები გახდებიან, რომ კომისია შექმნან. მე ვითხოვ, დაისაჯონ დამნაშავეები და სახელმწიფომ აღიაროს შეცდომა, რომელიც თვითონ ჩაიდინა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას სათავეში ჰყავს ოლიგარქი, ყველა მის მითითებას ასრულებს და პარლამენტშიც კომისია სწორედ ივანიშვილის მითითებით არ შეიქმნა.
"ბევრჯერ მითქვამს, თუ ეს კომისია შეიქმნება და გამოჩნდება, რა მოხდა, ამ ხელისუფლებას საქმე კარგად არ ექნება. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მეც და ზაზა სარალიძემაც დაინახა, რომ იქ მართლა იყო ხარვეზები, შეცდომები და ამ ხელისუფლების ჩინოვნიკების მხრიდან დაფარვა“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის დედის, მედიკო მარგოშვილის თქმით, როცა კომისია შეიქმნება, ყველა გაიგებს თემირლანის უდანაშაულობას და ხელისუფლებას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან მის შვილს ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ ჰქონია
პირველ ეტაპზე მოქალაქეთა ხელმოწერებს პარლამენტის შენობის წინ აგროვებენ. პეტიციას პირველმა ხელი მოაწერა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა სანდრა რულოვსმა, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახს მხარდაჭერას დაპირდა.
მაისის ბოლოს, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.