Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: LGBT ჯგუფები ქვეყნის დასავლური ორიენტაციის მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამენ წყალს


საქართველოს საპატრიაქრო აცხადებს, რომ ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები საქართველოს დასავლური ორიენტაციის მოწინააღმდეგეების წისქვილზე ასხამენ წყალს, ხოლო თავად მართლმადიდებელი ეკლესია პროევროპულია.

17 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ, საპატრიარქოს აზრით, არაერთ ძალას სურს "ლგბტ მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც."

ამასთან, საპატრიარქო აცხადებს, რომ სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის მოსახლეობაში ლგბტ პრაიდის ჩატარება "აჩენს სამართლიან პროტესტს".

"დღეს უკვე ნათელია, რომ ე.წ. LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მღელვარებაა; როდესაც ლაპარაკობენ გამოხატვის თავისუფლებაზე, რატომღაც არ ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კანონმდებლობით ეს თავისუფლება, როგორც არააბსოლუტური, შეიძლება შეიზღუდოს, თუ იგი ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ მორალურ ღირებულებებს და ქმნის რეალურ საშიშროებას ხალხში დაპირისპირებისა და შფოთისათვის. ხელისუფლების ვალია, მიიღოს ზომები ქვეყანაში სიმშვიდის დასაცავად", - წერს საპატრიარქო და აცხადებს ასევე, რომ ემიჯნება ძალადობას, ძალადობისკენ მოწოდებასა და სიძულვილის ენას.

საპატრიარქო მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს, ნუ დაუკარგავენ საქართველოს მოსახლეობას პროდასავლურ განწყობას და ხელი შეუწყონ სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG