Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადლობა, რომ „იძულებული გამხადეს“ მივბრუნებოდი "ლიბერალს"- შორენა შავერდაშვილი განცხადებას აქვეყნებს.


"მიხარია, რომ სულ მალე წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ, ახალგაზრდულ და ძალიან საინტერესო რედაქციას. ასევე, უფრო დეტალურად წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ სარედაქციო ხედვას."- წერს „ლიბერალის“ მფლობელი და გენერალური დირექტორი შორენა შავერდაშვილი დღეს გამოქვეყნებულ წერილში "ლიბერალის" შესახებ.

ეს მისი პირველი სარედაქციო გამოხმაურებაა მას შემდეგ, რაც 23 ივნისის "ლიბერალის" სამმა რედაქტორმა და 8 ჟურნალისტმა რედაქციის დატოვების შესახებ ერთობლივი საჯარო განცხადება გამოაქვეყნეს.

სპეციალურ განცხადებაში ისინი წერდნენ, რომ მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, გამოცემას შორენა შავერდაშვილთან „სარედაქციო ხედვებისა" და საკადრო ცვლილებების გამო წარმოქმნილი უთანხმოებების გამო ტოვებდნენ.

პრინციპულად არ ვეთანხმებოდი მათ ფინანსურ თუ ადმინისტრაციულ პოლიტიკას. სარედაქციო ხედვის სიმწირეზე კი მანამდეც გვქონია დისკუსია
შორენა შავერდაშვილი


"​ლიბერალის" მფლობელი თავის ვრცელ წერილში არ აზუსტებს ვინ იქნებიან გამოცემის ახალ რედაქციაში, თუმცა საუბრობს ყოფილი რედაქციის წევრებთან უთანხმოების მიზეზებზე: " პრინციპულად არ ვეთანხმებოდი მათ ფინანსურ თუ ადმინისტრაციულ პოლიტიკას. სარედაქციო ხედვის სიმწირეზე კი მანამდეც არაერთხელ გვქონია დისკუსია, რაიმე კონკრეტული შედეგის გარეშე." - წერს შორენა შავერადშვილი თავის წერილში "ლიბერალის" შესახებ. ​

ის "მეტად უსამართლო" და "გულდასაწყვეტ სპეკულაციას" უწოდებს აზრს იმის შესახებ, "ლიბერალის" ყოფილი გუნდის უკმაყოფილების მიზეზი მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა გახდა.

"თურმე, ჩემს მფლობელობაში არსებული მედიაგამოცემის ჟურნალისტები გამოირჩევიან პრინციპულობით, მე კი რატომღაც ვარ უპრინციპო მედიამესაკუთრე, რომელიც ამ სფეროში საქმიანობის 15 წლის თავზე, აპირებს უღალატოს იმ ფასეულობებს, რისთვისაც მთელი ეს წლები იბრძოდა, მეტწილად - პირადი ინტერესების საზიანოდ."- წერს იგი.

„ყველამ, ვინც კონტენტს ვქმნიდით, სამსახური დავტოვეთ და როგორც ერთიანი გუნდი ახალ პლატფორმაზე გავაგრძელებთ მუშაობას, იმ ღირებულებების მიხედვით, რითიც „ლიბერალი“ იყო ცნობილი“, უთხრა რადიო თავისუფლებას რედაქციის დატოვების დღეს „ლიბერალიდან“ წამოსულმა ერთ-ერთმა რედაქტორმა, ზურაბ ვარდიაშვილმა.

ჟურნალი „ლიბერალი“ ბეჭდური სახით 2009 წელს გამოჩნდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი გამოცემა მთლიანად ონლაინ პლათფორმაზე არსებობდა."ლიბერალის" ჟურნალისტები არაერთხელ გამხდარან საერთაშორისო და ადგილობრივი ჟურნალისტური პრიზების მფლობელები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG