საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა:
„ცხადია, იმაზე არავინ დაობს, რომ რუსი დეპუტატის ხილვა პარლამენტში, თავმჯდომარის სავარძელში, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო სასიამოვნო. ვიცით, რომ პარლამენტის დარბაზს, კონკრეტულად თავმჯდომარის სავარძელს, დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. მე მგონია, რომ იგივე გავრილოვი, ბერძენ კოლეგასთან ერთად, საბანკეტო დარბაზში რომ გვეხილა სუფრის თავში, ასეთი მძიმე რეაქცია არ გვექნებოდა. თუმცა, პროპორციაზე როცა ვსაუბრობთ, პროპორციის განცდა, მგონი, მაშინვე დაირღვა, როცა ამის საპასუხოდ, სამი საათის განმავლობაში ხდებოდა პარლამენტის შტურმი. თუ ვლაპარაკობთ, რომ სავარძელია სიმბოლო, ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ შენობის შტურმი არის სიმბოლო ქვეყანაში გადატრიალების ან რევოლუციის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.