Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წვიმიანი მეცხრე დღე - „ქვეყნის სამსახურში 9.0“


მიუხედავად ცუდი ამინდისა, წვიმისა და ქარისა, პარლამენტის წინ, ყვითელი და ცისფერი საწვიმრებით იკრიბებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები.

აქცია სახელწოდებით „ქვეყნის სამსახურში“, პარლამენტის წინ მეცხრე დღეა მიმდინარეობს.

პროტესტის მეცხრე დღეს, აქციების ორგანიზატორები, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტები არიან, ამბობენ:

„ამ დღეების განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ არ ვიღლებით, ჯიუტები და მართლები ვართ!

გუშინ, მამუკა ბახტაძემ და გიორგი გახარიამ არაერთხელ ახსენეს, რომ "გავრილოვის ღამეს" გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური! და რომ ტყვიები, რომლითაც ხელებაწეულ დემონსტრანტებს ესროდნენ, იყო მისაღები.

გუშინ, შს მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ გამოძიების დამთავრებამდე არსად წასვლას არ აპირებს. ანუ, საქმეს იძიებს გახარიას უწყება მისივე ხელმძღვანელობით და არ შეიძლება, რომ ეს დავუშვათ!

გახარია არის მხარე, ბრძანების გამცემი და მისივე თქმით, ყველაფერზე პასუხისმგებელი, ამიტომ, არ შეიძლება, მხარე იძიებდეს რამეს სამართლიანად. შს მინისტრი უნდა გადადგეს!“.

აქციების მეცხრე დღეს, დემონსტრანტების ერთადერთ მოთხოვნად რჩება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.

ამ მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან რვა დემონსტრანტი შიმშილობს.

27 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და შს მინისტრი გიორგი გახარია მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა ბახტაძემ თქვა: „მოვლენები იცვლებოდა ელვისებური სისწრაფით, რამდენიმე იერიში და შეტევა იქნა მიტანილი პოლიციაზე და როდესაც დადგა ეს კრიტიკული მომენტი და პასიური კორდონი ვეღარ აკავებდა აგრესიას, პოლიცია იქნა იძულებული გამოეყენებინა ერთადერი რაც მათ ჰქონდათ - ლეგიტიმური ძალა“.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, მან ჟურნალისტებს უთხრა: “მე თუ გავხდი ხალხის თვალში „სისხლიანი ჯალათი“, ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ ძალადობრივად ინსტიტუტებზე შეტევა არის შეუძლებელი, ქვეყნის განვითარებასთან შეუსაბამო, მე ამ ტვირთს როგორმე ვატარებ. ბოდიში”.

​27 ივნისს აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს პარლამენტის შენობიდან მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სახლამდე.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანდატი დატოვა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის ორგანიზატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა. მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კი ამ დრომდე, მძიმეა.

XS
SM
MD
LG