გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნის დაკმაყოფილება ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს საქართველოს, - განაცხადა „სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ პრეზენტაციაზე, რომელიც საარჩევნო რეფორმას შეეხებოდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერებს ალექსანდრე ელისაშვილმა გიორგი გახარიას საკითხზე, როგორც თავად აღნიშნა, კეთილგანწყობილი რჩევით მიმართა.
„მე როგორც ერთი მოქალაქე და წარმომადგენელი და მდგომი იმ აქციაზე, რომელიც იმართება ეს დღეებია ქუჩაში, ასევე მოგმართავთ კეთილგანწყობილი რჩევით, თხოვნით - როგორც გინდათ, ისე მიიღეთ - ეს გაჯიქება გახარიასთან დაკავშირებით ქვეყანას ვნებს, თორემ იქ ახალგაზრდებს დგომა კი არ ეზარებათ და არც დაეზარებათ... უბრალოდ, მიიღეთ ჩემი თხოვნა, რჩევა, რომ მისი გადადგომა ამოასუნთქებს ქვეყანას...
და შემდეგ, დავიწყოთ სწორედ ასეთ ვითარებაში ნებისმიერ საკითხზე მსჯელობა. ამდენად, ნუ ვაწვალებთ ამ ქვეყანას და ნუ ვაჯანჯღარებთ, ეს იქნება ჩემი ძალიან დიდი თხოვნა, როგორც მოქალაქის“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
ელისაშვილს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ უპასუხა. მისი თქმით, საქართველოში არავინ აღარ უნდა დაუშვას, რომ „ამ ქვეყანაში ხელისუფლებების ცვლილება განხორციელდეს დამხობით, გადატრიალებით, სამოქალაქო დაპირისპირებით და ასე შემდეგ“. კალაძის თქმით, ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლის აუცილებლობაზე საქართველოში ყველა უნდა შეთანხმდეს.
მანამდე, „სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს იმ კომპრომისისთვის, რომელზეც მმართველი პარტია წავიდა საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე და წამოაყენა ინიციატივა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ.
1 ივლისს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საარჩევნო რეფორმის პრეზენტაცია გამართეს და ოფიციალურად წარმოადგინეს ინიციატივა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ.
„დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან კარგი. ჩვენ ერთი წამით არ დავფიქრებულვართ იმაზე, მოვსულიყავით თუ არა დღეს აქ. ეს კომპრომისი და იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც ქუჩაში ისმოდა, არის სახელმწიფოებრივად სწორი და ამისთვის გეტყვით მადლობას - არ მომერიდება ნამდვილად არც მე და არც ჩემს მეგობრებს.
პროცესები უნდა მიმდინარეობდეს ზუსტად ასე - კონსტიტუციურად, პოლიტიკურად, მაგიდასთან და ერთმანეთთან ლაპარაკით, როგორც არ უნდა გვეხატებოდეს ერთმანეთი გულზე“, - მიმართა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ალექსანდრე ელისაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამოაცხადა, რომ შესრულდება დემონსტრანტების მოთხოვნა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ბოლო შეუსრულებელ მოთხოვნად - შს მინისტრის გადადგომა რჩება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20-21 ივნისის აქციის სასტიკი მეთოდებით დაშლის გამო. ამ მოთხოვნით აქცია 1 ივლისს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასის" წინაც გაიმართა.