Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული სახელმწიფოები ირანს მოუწოდებენ პატივი სცეს 2015 წლის ხელშეკრულებას


ევროპული სახელმწიფოები ირანს მოუწოდებენ არ გადადგას ნაბიჯები ურანის დასაშვებ ზღვარზე მეტად გასამდიდრებლად და გამოდიან მოწოდებით, გაიმართოს სასწრაფო შეხვედრა ხელშეკრულების მხარეებს შორის.

9 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი და ევროკავშირი გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ ირანი არ აკმაყოფილებს 2015 წლის ბირთვულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ პირობებს. ირანმა 8 ივლისს გამოაცხადა, რომ ურანი გაამდიდრა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ შეზღუდვაზე, 3,67 პროცენტზე მეტად და გასცდა 4,5 პროცენტს. თეირანი ამბობს, რომ მოთმინება ამოეწურა, რადგან, მისი შეფასებით, ევროპული მხარე საკმარისად არ ეხმარება თეირანს ეკონომიკურად, მას შემდეგ, რაც აშშ-მა, 2015 წლის ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ, ირანს სანქციები აღუდგინა.

გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი და ევროკავშირი აღნიშნავენ ირანის სურვილს დარჩეს ხელშეკრულების ფარგლებში. "ის შესაბამისად უნდა მოიქცეს, გააუქმოს გადადგმული ნაბიჯები და დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ხელშეკრულების სრულად დაცვას" - ვკითხულობთ განცხადებაში. ხელშეკრულების ევროპელი ხელმომწერები ყველა მხარეს მოუწოდებენ "პასუხისმგებლობით მოიქცნენ, შექმნილი დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით".

XS
SM
MD
LG