Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იყო მცდელობა, შს მინისტრს თავისი პოზიცია გაემართლებინა - ექსპერტი გახარიასთან შეხვედრაზე


ამირან სალუქვაძე, მამუკა არეშიძე, თორნიკე შარაშენიძე, ზურაბ აგლაძე, ხათუნა ლაგაზიძე, ზურა პაპიაშვილი, არჩილ გეგეშიძე, ანდრო გოცირიძე, კახა გოგოლაშვილი, გია აბაშიძე - ეს მხოლოდ რამდენიმე სახელია ოცამდე ექსპერტისა, რომელთაც 9 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დახურულ ფორმატში შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილე რამდენიმე ექსპერტი რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს, რომ დისკუსიის ნაწილი კონფიდენციალური იყო და მიმდინარე გამოძიებას ეხებოდა.

შეხვედრის, რომელიც დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა, ინიციატორი გიორგი გახარია იყო და ის ეხებოდა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლას.

გახარიასთან შეხვედრის შემდეგ კახა გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ეს იყო მცდელობა, თავისი პოზიცია გაემართლებინა სახელმწიფო უწყებას და მინისტრს.

გოგოლაშვილის ცნობით, გახარიამ თქვა, რომ სახელმწიფოს პასუხი იყო ლეგიტიმური. მინისტრის აზრით, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, თუმცა ეს შემთხვევები იყო ინდივიდუალური. ექსპერტის ინფორმაციით, გახარია ფიქრობს, რომ ცალკეული პოლიციელების მიერ იყო დარღვევები, მათ შორის, მოქმედება ისეთ არეალში, რომელიც არ შედიოდა ოპერაციის ზონაში.​

შეხვედრაში მონაწილე რამდენიმე ექსპერტი რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს, რომ დისკუსიის ნაწილი კონფიდენციალური იყო და მიმდინარე გამოძიებას ეხებოდა. მათივე თქმით, მინისტრმა მათ აქციის დაშლისას გამოყენებული ტყვიები და დაშავებულთა სტატისტიკა და თავისი პოზიცია გააცნო. ექსპერტის თქმით, იყო საუბარი იმაზეც, რომ მთავრობამ "პიარი წააგო" და სანამ ისინი ელოდებიან გამოძიების დასრულებას, ჩანს, თითქოს მთავრობას ბევრი გასამართლებელი საბუთი არ აქვს.

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი

"არა მგონია ამან [შეხვედრამ ექსპერტებთან] გაუმაგროს პოზიცია [სამინისტროს], რადგან ორგანიზაციები, რომლებიც იქ იყვნენ ჩემსავით მაინცდამაინც ფართოდ არ ისაუბრებენ", - ამბობს გოგოლაშვილი. მისივე თქმით, გახარიამ მიიწვია ისეთი ადამიანები, რომლებიც კონფრონტაციაში არ შედიან არც ერთ აზრთან და ცდილობენ მოისმინონ არგუმენტები.

"იყო კრიტიკული შეკითხვები, თუმცა ეს ისეთი ტიპის შეხვედრა იყო, სადაც არ ყოფილა ბრალდებები. ზოგან გაჩუმდა, ზოგან დაეთანხმა, ზოგან ცოტა სხვანაირად ახსნა, ზოგ შემთხვევაში გარკვეული კომენტარები გააკეთა. ძირითადი მიზანი იყო არასამთავრობო სექტორის ინფორმირება", - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

XS
SM
MD
LG