18 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უპასუხა რუსთავი 2-ის კორესპონდენტის შეკითხვას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
ლავროვის პასუხის თაობაზე მცირედ განსხვავებულ ცნობებს ავრცელებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი და რუსული საინფორმაციო სააგენტოები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის, მარია ზახაროვას მიხედვით, რუსთავის 2-ის შეკითხვაზე, რამდენადაა საჭირო საქართველოში დამოუკიდებელი პროდასავლური არხი, კრემლის საგარეო უწყების ხელმღვანელმა განაცხადა, რომ მისი აზრით, მნიშვნელოვანია, საქართველოში იყოს პროქართული არხი.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტასსის" ცნობით კი, ლავროვმა რუსთავი 2-ის კორესპონდენტის წარდგენას "მე წარმოვადგენ პრო-დასავლურ ტელევიზიას", კითხვის დასვამდე უპასუხა, რომ მას იგი პროქართული ეგონა;
"ტასსის" ინფორმაციით, ლავროვმა კითხვაზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ, განაცხადა, რომ მას არ სმენია, რა გადაწყვიტა სასამართლომ და აღნიშნა, რომ ბოლო ხანს საქართველოში მომხდარი მოვლენების თაობაზე, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს ეხება, არაერთხელ ითქვა პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ლავროვის თქმით, „გვსურს საქართველოს ხალხთან, გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა. ჩვენ არ მოგვწონს მცდელობები, მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი, მათ შორის დამოუკიდებელი პროდასავლური საშუალებები, გამოყენებულ იქნეს რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პოტენციალის გასანადგურებლად".
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი, იტყობინება „რია ნოვოსტი“. ცნობით, ლავროვმა გერმანიაში ვიზიტად ყოფნისას, თქვა, რომ ამ [ რუსთავი 2-ის შესახებ] გადაწყვეტილების შესახებ არაფერი სმენია, "მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს საქართველოს საქმეა. ნებისმიერი სიტუაცია, რომლებიც ეხება საქართველოს შიდა საქმეს, ამ სამართლის საფუძველზე უნდა წყდებოდეს... მოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი“.
2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და განაცხადა, რომ ქართულ სასამართლოებში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა.