დღეს „რუსთავი 2“ ოკუპირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ირმა ნადირაშვილმა, 19 ივლისს, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე, პარლამენტის შენობის წინ.
მისი თქმით, რეალური საფრთხის ქვეშ დგას ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა, თუმცა სიმართლე ბოლოს მაინც გაიმარჯვებს და მომავალ არჩევნებზე დამარცხდება ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“.
„რუსთავი 2“-ს ჰქონია კიდევ უფრო მძიმე წუთები, როდესაც თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში ის საერთოდ ვერ მაუწყებლობდა და საერთოდ ვერ გადიოდა ეთერში... ამიტომ მე მინდა, რომ აქედან გავამხნევო „რუსთავი 2“-ის ყველა თანამშრომელი და გითხრათ ყველას - არ შეგეშინდეთ, ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ აუცილებლად ისევ თავისუფლები დაბრუნდებით ეთერში...
"რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა დღეს არის მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილისთვის და მას უნდა, რომ გააჩუმოს და დაადუმოს ყველაზე მსხვილი კრიტიკული მაუწყებელი... მაგრამ მე მინდა იმედი გავუცრუო ბატონ ბიძინას და ვუთხრა, რომ თავისუფალი სიტყვის ჩახშობა არ ხერხდება - როდესაც ადამიანები ვერ იყიდიან წამალს, როდესაც მათ მოექცევიან უსამართლოდ და დაჩაგრავენ, ეს სიტყვა ყოველთვის ამოხეთქავს და მით უმეტეს - ტექნოლოგიების საუკუნეებში...
როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, 2020-ში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ოკუპაცია გააკეთა „რუსთავი 2“-ის, აუცილებლად წავა“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე.
18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპებით მოხდა გადაწყვეტილებების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. თავდაპირველად მოხდა „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება. შემდეგ კი, მისი გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე, ნიკა გვარამია ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა.
საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.
შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.