Accessibility links

ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები 28 ივლისს, ვენაში გამართავენ შეხვედრას


28 ივლისს, ვენაში, მსოფლიოს ხუთი წამყვანი ქვეყანა შეხვედრას გამართავს ირანთან, 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების გადარჩენის მიზნით, სპარსეთის ყურეში მზარდი დაძაბულობის ფონზე.

ირანს შეხვდებიან ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი და შეხვედრაზე განიხილავენ ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას (JCPOA), ანუ ბირთვულ ხელშეკრულებას, მისი ოფიციალური სახელით - იუწყება ევროკავშირის საგარეო სამსახური. მისივე ცნობით, შეხვედრის ინიციატორები არიან საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი და ირანი.

ხელშეკრულების ფარგლებში თეირანი გამოდიოდა პირობით მნიშვნელოვნად შეეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. პირველ ხანებში ხელშეკრულების ხელმომწერთა შორის იყო აშშ-ც, თუმცა შარშან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ ხელშეკრულებიდან გაიყვანა და ირანს აღუდგინა მძიმე ეკონომიკური სანქციები ბევრ, მათ შორის ნავთობის და საფინანსო სექტორებში.

დარჩენილი ექვსი ხელმომწერიდან სამი ქვეყანა - საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი - ცდილობს ხელშეკრულების გადარჩენას და გამოდის კომპლექსური საფინანსო ბარტერის სისტემის იდეით, რომელმაც თეირანს ეკონომიკური შვება უნდა მისცეს.

ირანი აცხადებს, რომ თავს აღარ მიიჩნევს ხელშეკრულებით შეზღუდულად. 1 ივლისს თეირანმა თქვა, რომ დაგროვილი აქვს მცირედგამდიდრებული ურანის ნებადართულზე მეტი ოდენობა.

ხელშეკრულების გადარჩენის ძალისხმევას განსაკუთრებული წინაღობა შეექმნა ბოლო კვირებში, ლონდონსა და თეირანს შორის დაძაბულობის ესკალაციის გამო. დაძაბულობა გამოიწვია გიბრალტართან ირანის ტანკერის დაკავებამ და შემდეგ ირანის მიერ ბრიტანეთის დროშით მცურავი ნავთობის ტანკერის დაკავებამ ჰორმუზის სრუტესთან.

ვენის შეხვედრას უხელმძღვანელებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის გენერალური მდივანი, ჰელგა შმიდი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG