Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით დვალი: შევხვდით პაატა სალიას


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“- ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის განცხადებით, მას და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი პაატა სალია შეხვდა.

„გაცნობითი ინფორმაცია გავცვალეთ და ითქვა, რომ ალბათ, უახლოეს დღებში შედგება შეხვედრა [ქიბარ ხალვაშთან]“,- განაცხადა დავით დვალმა.

შეკითხვაზე, ძალაშია თუ არა ქიბარ ხალვაშის 2015 წლის პირობა, რომ „რუსთავი 2“-ის წილის 50%-ს და ტელევიზიის დირექტორობას დავით დვალს გადასცემდა, მის ხელში კომპანიის გადასვლის შემთხვევაში. დავით დვალმა უპასუხა, რომ „პაატას ეს ინფორმაცია არ გააჩნია, შესაბამისად, იმ შეხვედრაზე გაირკვევა რა არის ძალაში და რა არა“,- თქვა დავით დვალმა.

მისი შეფასებით პაატა სალიამ შეხვედრისას კომპანიაში არსებული მდგომარეობა გააცნო. „არაფერი განსაკუთრებული ინფორმაცია... მე როგორც შთაბეჭდილება დამრჩა, ეს იყო შემზადება მომავალი შეხვედრისთვის“,- ამბობს დავით დვალი.

„რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებული დავის გამო, საქართველოს პარლამენტში იმართება შეხვედრა ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან.

შეხვედრის ორგანიზატორები არიან პარლამენტის დეპუტატები, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილი წევრები ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და კობა ნარჩემაშვილი. მათი განცხადებით, მომავალშიც მზად არიან შეხვედრები გამართონ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან.

მას შემდეგ, რაც 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის სარჩელი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ტელეკომპანიის მფლობელი კვლავ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როცა ძალით წართმეული ტელეკომპანია მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

XS
SM
MD
LG