Accessibility links

გვარამია: ტელევიზიისთვის ფულს მივიღებ ყველასგან, ვინც დიქტატურას ებრძვის


ნიკა გვარამიას განცხადებით, ის ძალიან მალე იქნება „ძალიან კარგი ტელევიზიის“ დირექტორი და აქვს ამბიცია, რომ „ეს იყოს „რუსთავი 2“-ზე უკეთესი ტელევიზია“ - ამ შინაარსის განცხადებები „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გააკეთა რუსთაველის გამზირზე, „სირცხვილიას“ მე-9 გადაცემაში სტუმრობისას.

შეკითხვაზე - რა იქნება მისი ახალი ტელევიზიის დაფინანსების წყარო, ნიკა გვარამია პასუხობს, რომ ტელევიზიას არ ეყოლება ერთი დამფინანსებელი და მზად არის ფინანსების საკითხზე ელაპარაკოს ყველას, „ვინც საქართველოში დიქტატურას ებრძვის“, მათ შორის - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც.

„ჩემს ტელევიზიაში ფული მოდის ბევრი მხრიდან... სამწუხაროდ, მე არ მაქვს ასეთი ფუფუნება, რომ მყავდეს ერთი დამფინანსებელი, როგორც ეს მეორე შემთხვევაშია... ასეთ შემთხვევაში ბევრად უფრო სწრაფად გავაკეთებდი ამას ყველაფერს...

ვმუშაობ ყველა მიმართულებით. ყველასთან დავილაპარაკებ, მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, ზაზა ოქუაშვილით გაგრძელებული... სხვათა შორის, ზაზა ოქუაშვილს ნამდვილად ველაპარაკე და ის აპირებს ამაში მონაწილეობის მიღებას... ყველა ადამიანს დაველაპარაკები, ვინც ებრძვის საქართველოში დიქტატურას - მივიღებ მათგან ფულს და გავაკეთებ საქვეყნო საქმეს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ „რუსთავი 2“ მისთვის უკვე წარსულია და სამდღიანი გლოვის შემდეგ, „რუსთავი 2“ მან საბოლოოდ „გადაფურცლა“ და მისთვის ბრძოლას აღარ აპირებს.

შეკითხვას - თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ დაანონსებული ტელევიზია იქნება თუ არა დამოუკიდებელი და აპარტიული, ნიკა გვარამიამ ასე უპასუხა:

„ტელეარხი აპარტიული ვერ იქნება იმიტომ, რომ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლის მიერ არის დაფუძნებული. ეს იქნება პირველი ღიად პარტიული ტელევიზია, იმიტომ, რომ დამფუძნებლებში ღიად იქნება ის ადამიანი, ვინც არის ერთ-ერთი გურუ იმ პარტიის, რომელზეც ვლაპარაკობთ.

ჩემთვის ეს ცუდს არ ნიშნავს. მე აბსოლუტურად უპრობლემოდ ვუყურებ პარტიულ ტელევიზიებს. ჩვენ [„რუსთავი 2“] შეიძლება მრავალპარტიული ვყოფილიყავით, არ ვიზიარებ, რომ - მხოლოდ ერთპარტიული. მე ვიყავი პირველი დირექტორი და არა მხოლოდ ამ ტელეკომპანიის, რომელმაც თქვა: დიახ, ჩვენ მხარე ვართ და გვაქვს კონკრეტული პოზიცია და აქედან ვუტევთ მთავრობას“.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა, რომ „ევროპულ საქართველოს“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებდა. 1 აგვისტოს მელიამ განაცხადა, რომ კეზერაშვილის მიერ დაანონსებული ტელევიზია პროდასავლური ღირებულებების ერთგული იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG