Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

45-ე დღე: აქცია ტრადიციულ ფორმატში


ეკა ჯაიანი, ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლე
ეკა ჯაიანი, ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის 45-ე დღე ტრადიციულ ფორმატს ეთმობა - გამომსვლელები სიტყვით მიმართავენ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს.

„უკვე 45 დღეა, ვდგავართ პარლამენტის წინ და ჩვენს ხელისუფლებას ვუმტკიცებთ იმას, რომ არასოდეს, არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და უსამართლობას, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ხელისუფლებისგან. მთავარია ის, რომ პირნათლად ვასრულებთ პირობას, რომელიც დავდეთ თქვენს წინაშე და არ ვტოვებთ რუსთაველის გამზირს მანამ, ვიდრე ჩვენს უკანასკნელ მოთხოვნას არ შეასრულებენ - გიორგი გახარია უნდა გადადგეს და შემდეგ ყველანი მივდივართ სახლებში და ვაგრძელებთ ჩვენს საყვარელ საქმეებს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ.

აქციის ორგანიზატორები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ არ მოდუნდეს ყურადღება 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებული ადამიანების მიმართ. შესაბამისად, ეს თემა ყოველდღე ფიგურირებს. 3 აგვისტოს აქციაზე იმყოფებოდნენ სააპელაციო სასამართლოს მიერ წინასწარ პატიმრობაში დატოვებული ბესიკ თამლიანისა და ბეჟან ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები.

როგორც სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრისა და კონსერვაციის პროგრამის დირექტორის, ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლემ, ეკა ჯაიანმა განაცხადა, მას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეუღლესთან არანაირი კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევენ.

„არ ვაპირებთ გაჩერებას, ჩვენ ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ ისეთი საქართველოსთვის, რისთვისაც ბეჟანი იდგა აქ 20 ივნისს. მას უნდა, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყანა და ჩვენ ამას ნამდვილად მივაღწევთ ჩვენი ბრძოლით. ჩვენ გვინდა, რომ გათავისუფლდნენ დაკავებულები და დაუბრუნდეს ბეჟან ლორთქიფანიძე შვილებსა და საქართველოს ბუნებას“, - განაცხადა ჯაიანმა.

საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი და უცვლელი მოთხოვნა კვლავაც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა, ბოლო დღეებში ძირითადად ეთმობოდა სადისკუსიო ფორმატს - გადაცემა „სირცხვილიას“ სახით.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, ასამბლეის სხდომა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის კუთვნილი ადგილიდან გახსნა.

20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მაშ შორის - 80 პოლიციელი. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. აქციის მონაწილეები შედეგებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სწორედ შს მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG