Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება Facebook-იდან კომენტარის წაშლაზე


უზენაესმა სასამართლომ პირველად იმსჯელა საქართველოში სოციალურ ქსელებში ოფიციალური ორგანოს მიერ გამოხატვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ. თავისი განჩინებით მან ერთი მხრივ, დავის განხილვა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დაავალა, მეორე მხრივ კი მიუთითა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მოქალაქის კომენტარების წაშლა პოტენციურად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

იურისტი გიორგი ნონიაშვილი, რომლის კომენტარიც იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალური Facebook-გვერდიდან წაშალა, რადიო თავისუფლებასთან უზენაეს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების არსს განმარტავს.

განჩინება არის იმის საფუძველი, რომ თუკი ადმინისტრაციული/საბიუჯეტო ორგანო სოციალურ ქსელში მოქალაქის კომენტარს შეზღუდავს, ეს ჩაითვალოს გამოხატვის თავისუფლების დარღვევად.

როგორც გიორგი ნონიაშვილი გვიყვება, საქმე 2019 წლის მარტში დაიწყო, როდესაც იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებდა თამაზ ახობაძის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას. განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით ნონიაშვილი სხვა აქტივისტებთან ერთად მონაწილეობდა იუსტიციის სამინისტროსთან ახობაძის მხარდამჭერ აქციებში.

რამდენიმე დღეში (თამაზ ახობაძის შიმშილობის შემდეგ) იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ მზად იყო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის. თუმცა ნონიაშვილს განცხადების ტონალობა არ მოეწონა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე კომენტარი დაწერა, რომელიც სამინისტრომ წაშალა.

გიორგი ნონიაშვილმა ამის გამო იუსტიციის სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა. იურისტი ამტკიცებდა, რომ კომენტარის წაშლით და სამინისტროს გვერდის მიერ მისი ანგარიშის დაბლოკვით, სახელმწიფომ მისი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა, ვინაიდან, ნონიაშვილის განმარტებით, საბიუჯეტო ორგანოების მხრიდან სოციალური ქსელების მართვა ადმინისტრაციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.

Facebook-თან დაკავშირებულმა საქმემ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაურკვევლობა გამოიწვია. ჯერ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ეს საკითხი მისი განსჯადობის საკითხი არ იყო და ის კერძო დავად შეაფასა. არც საქალაქო საქმეთა კოლეგიამ შეაფასა საქმის განხილვა საკუთარ კომპეტენციად.

ორ კოლეგიას შორის წარმოქმნილი დავა - ვის უნდა განეხილა გიორგი ნონიაშვილის საქმე - უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა.

გადაწყვეტილებაში კი გიორგი ნონიაშვილი ხისტ ტონალობას ხედავს - უზენაესმა სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას პირდაპირ უკარნახა, როგორ უნდა გადაწყდეს ეს საქმე:

„განსახილველ შემთხვევაში პოტენციურად სახეზეა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლეაბთა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა", - ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების: მაია ვაჩაძის, ნუგზარ სხირტლაძის და ბესარიონ ალავიძის განჩინებაში, რომელიც ნონიაშვილმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა.

როგორც ნონიაშვილი განმარტავს, უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეში დაინახა გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.

„ყველა ის ქმედება, რომელსაც სოციალურ ქსელებში ატარებენ ადმინისტრაციული ორგანოები, შეგვიძლია, მივიჩნიოთ, სახელმწიფოს ქმედებად. შესაბამისად, იუსტიციის სამინსიტროს Facebook-გვერდიდან ჩემი კომენტარი სოციალური მედიის მენეჯერმა კი არ წაშალა, არამედ ეს გააკეთა სახელმწიფომ. ხოლო, თუ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ადმინისტრაციული ორგანო მოქალაქის კომენტარს შეზღუდავს, ეს იქნება კანონის დარღვევა“, - აცხადებს იურისტი.

ნონიაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს უშუალოდ შინაარსზე არ უმსჯელია, საქმის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისთვის ასეთი განჩინებით დაბრუნება, მნიშვნელოვანი პრეცედენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG