„პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვთქვი, რომ არასდროს გავაკეთებდი კომენტარს სააკაშვილის განცხადებებზე. მაგრამ, მისმა ბოლო ინტერვიუმ, 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან ურთიერთობის შესახებ, გადაკვეთა ყველა ზღვარი და ზიანს აყენებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს", - წერს ტვიტერში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გამოთქმულ შეფასებებთან დაკავშირებით.
"სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხმყოფელია ჩვენი მოკავშირე ერებისთვის და ლიდერებისთვის, რომლებიც საქართველოს გვერდით დგანან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. ასეთი სიცრუე და არასწორი ინტერპრეტაცია არის უპასუხისმგებლო და მიუღებელი ყოფილი პრეზიდენტისგან", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი, „ნიკოლა სარკოზი ჯამბაზივით" იქცეოდა.
აგვისტოს ომის პერიოდში გერმანიის პოზიციაზე საუბრის დროს კი სააკაშვილი ამბობს, რომ გერმანელებმა რუსებს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს.
"საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების დეკემბრამდე გადადებაზე დათანხმებით, გერმანელებმა რუსებს, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთეს. ეს მეტ-ნაკლებად გარკვეული სახის გერმანულ-რუსულ თამაშს ჰგავს. რასაკვირველია, არ ვფიქრობ, რომ გერმანელებს ომი სურდათ, თუმცა მათ რუსეთს თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცეს იმისთვის, რაც ჩაიდინეს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის აზრით, ყოფილი პრეზიდენტის გამონათქვამები "არის ნათელი მცდელობა საქართველოსა და მისი მოკავშირეების ურთიერთობისთვის ძირის გამოთხრის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის გზაზე".
ქართველი ხალხის სახელით, ზურაბიშვილი გამოხატავს მადლიერებას ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეებისადმი და აცხადებს, რომ როგორც პრეზიდენტი იბრძოლებს "ყველა მსგავსი მცდელობის წინააღმდეგ, რომელიც ძირს გამოუთხრის ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.
მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტი ფეისბუკის საკუთარ გვერდზეც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილს.