ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს დანიშნული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ადგილობრივი „სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის“ ეთერით დაიწყო დებატები კანდიდატებს შორის.
ამ კომპანიამ დღეს, 12 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ზოგიერთმა კანდიდატმა დებატების დროს ძირითადად, რუსული ენა გამოიყენა და ამით დაარღვია საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესი. განცხადებაში მოყვანილია დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 29 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმად, „კანდიდატებთან უფასო ეთერის წარმოების ძირითადი ენა აფხაზურია, რუსული ენის გამოყენების შესაძლებლობით.“
აფხაზური ტელევიზიის განცხადებით, ზოგიერთმა კანდიდატმა უპატივცემულობა გამოიჩინა არა მხოლოდ საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესების და მოთხოვნების, არამედ ჟურნალისტების მიმართაც, რომლებსაც ეთერი აფხაზურად მიჰყავთ და ვერ აღწევენ კანდიდატებისგან ინტერვიუს ფორმატის დაცვას.
დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო ტელერადიო კომპანია“ რეაგირებას საარჩევნო კომისიისგან ითხოვს. განცხადებაში არ არიან დასახელებული ის კანდიდატები, რომლებმაც აფხაზურს რუსული ამჯობინეს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში 10 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.