Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"TV პირველში" შსს-ს საგამოძიებო ჯგუფს ელოდებიან


ტელეკომპანია „პირველის“ ტექნიკური ჯგუფი მუშაობს კიბერშეტევის დიაგნოსტიკისა და შეფასების მიზნით - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ტელეკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა აბურჯანიძემ. მისი ინფორმაციით, კიბერშეტევის გამო ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში მუშაობას ვერ ახერხებს და მხოლოდ ფილმებს უშვებენ, რათა ეთერი მთლიანად გათიშული არ იყოს.

„კიბერშეტევა გამთენიისას დაიწყო, ძალიან ძლიერი ვირუსის სახით მოედო მთელ სერვერს. ამ წუთისთვის ყველაფერი გათიშული გვაქვს და ვცდილობთ აღმოფხვრას“ - გვითხრა დღის 12 საათისთვის ნანა აბურჯანიძემ.

მისი ინფორმაციით, კიბერშეტევის შესახებ შეატყობინეს შსს-ს და საგამოძიებო ჯგუფს ელოდებიან.

ნანა აბურჯანიძის თქმით, ტელეკომპანიაში შარშანაც იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი კომპიუტერიდან ვირუსი გავრცელდა, თუმცა, მაშინ ამ ფაქტისთვის კიბერშეტევის კვალიფიკაცია არ მიუციათ.

13 აგვისტოს, დილის 11 საათისთვის ტვ პირველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კიბერშეტევის გამო „შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა "საქმიანი დილა" და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები.“

XS
SM
MD
LG