საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან სამწუხარო უწოდა ტელეკომპანია „პირველზე“ განხორციელებულ კიბერშეტევას. მამუკა ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ ტელეარხი მალე შეძლებს სრულფასოვანი მაუწყებლობის აღდგენას.
ბახტაძის განცხადებით, 21-ე საუკუნეში კიბერდანაშაული ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა ნებისმიერი ქვეყნისთვის და როცა მსგავსი დანაშაული ხდება, აუცილებელია დეტალური გამოძიება სრულფასოვანი სურათის მისაღებად.
„ზოგადად, როდესაც კიბერდანაშაულთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ საუკეთესო ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც ძირითად აქცენტს აკეთებენ პრევენციაზე. ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“ - უთხრა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ სპეკულაცია და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა უწოდა განცხადებებს, რომ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და „პირველზე“კიბერშეტევა მედიაზე ხელისუფლების ზეწოლაა.
ტელეკომპანია „პირველის“ ცენტრალურ სერვერზე 13 აგვისტოს მომხდარმა კიბერშეტევამ არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა შეაფერხა.