საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა ნამდვილი კონკურსი არ ყოფილა.
„თუნდაც იმიტომ, რომ 50-კაციან სიაში მოხვდნენ ისეთი კანდიდატები, რომლებიც უბრალოდ, ვერ მოხვდებოდნენ თუკი ობიექტურად შეფასდებოდა მათი გამოცდილება და კვალიფიკაცია“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
რაც შეეხება მისი და ანა დოლიძის მიმართ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის კრიტიკას, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ამით გვირიტშვილი ვერ გადაფარავს, რომ უკანონოდ მართავდა საბჭოს სხდომებს, სადაც კანდიდატების საკითხი განიხილებოდა.
„კანონით არ არის განსაზღვრული მისი თავმჯდომარეობა, არც მოვალეობის შემსრულებლობა და თუ დღეს ამაზე სათანადო რეაგირება არ მოხდა, ვფიქრობ, ამას აუცილებლად შეაფასებენ მომავალში, როდესაც დადგება საკითხი რამდენად ლეგიტიმური იყო ეს კონკურსი“ - უთხრა ჟურნალისტებს ნაზი ჯანეზაშვილმა. მისი თქმით, დიმიტრი გვრიტიშვილი სხდომების უკანონო, თვითმარქვია თავმჯდომარე იყო და უსინდისობაა, როცა დღეს გამოდის და საბჭოს არამოსამართლე წევრების შეკითხვებს აფასებს.
იუსტიციის საბჭოში დღეს, 15 აგვისტოს დასრულდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება.
გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეული იყო 50 კანდიდატი. მათგან ერთმა კანდიდატურა მოხსნა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტისთვის 20 კანდიდატის წარდგენას აპირებს.