Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდაციის პირობას დებს


აშრაფ ღანი
აშრაფ ღანი

ქაბულში შაბათს მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რაც 63 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ავღანეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ყველა უსაფრთხო თავშესაფარს. „ჩვენ ავიღებთ რევანში თითოეული სამოქალაქო პირის დაღვრილი სისხლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას „ისლამური სახელმწიფოს“ წინაღმდეგ და ამოვძირკვავთ მათ“, - განაცხადა ღანიმ 19 აგვისტოს, ბრიტანეთიდან გათავისუფლების მე-200 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმართვაში.

ბოლო მონაცემებით, 63-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაიჭრა აფეთქების შედეგად, რომელიც 17 აგვისტოს მოხდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საქორწინო დღესასწაულისას.

ქორწილს ესწრებოდა 1200-მდე სტუმარი. აფეთქება მოხდა ქაბულის იმ რაიონში, რომელშიც შიიტური უმცირესობა ცხოვრობს.

ქაბულში მომხდარ ტერაქტს „მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმა“ უწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ავღანეთის დამოუკიდებლობის დღისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.

შაბათს მომხდარი თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ტერაქტია მიმდინარე წლის განმავლობაში, იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი და თალიბები, გავრცელებული ცნობებით, ახლოს არიან სამშვიდობო შეთანხმებასთან, რომელიც 18 წლიანი ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG